“გადავწყვიტე, სურსათის შესაძენად ველოსიპედით გამოვსულიყავი”- ახალციხელები ქუჩაში ალტერნატიული ტრანსპორტით გამოჩნდნენ (ფოტოები)
მას შემდეგ, რაც მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აიკრძალა, ახალციხელებმა ალტერნატიული ტრანსპორტი უცბად მოიფიქრეს. ქუჩებში მრავლად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ფეხით, ველოსიპედებით, მოპედებითა და მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან. როგორც ისინი ამბობენ, მათი გამოსვლის მიზეზი აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარეობს.
“რა ვქნა, ავტომობილით ვეღარ გამოვედი. გადავწყვიტე, სურსათის შესაძენად ველოსიპედით გამოვსულიყავი. აუცილებელი რომ არ იყოს, სახლიდან არ გამოვიდოდი, მაგრამ ხომ ხედავთ, ხელში პროდუქტები მიკავია“, – უყვება „რეგიონულ კვირას“ ერთ-ერთი ადგილობრივი.
მიუხედავად აკრძალვებისა, რიგები სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებთან კვლავ არ წყდება. მათი ასეთი სიმრავლე, სავარაუდოდ, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებას უკავშირდება. თუმცა სიცარიელეა ბაზრისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ასევე, დაკეტილია სასაფლაოები და მას სამართალდამცველები მკაცრად აკონტროლებენ.
საეკლესიო დღესასწაულების მოლოდინში, საზოგადოება, მიუხედავად უამრავი მოწოდებისა, იზოლაციასა და სოციალურ დისტანცირებაზე უარს აცხადებდა, რის გამოც სახელმწიფომ კარანტინის პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა და ქვეყნის მასშტაბით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილამდე სრულად აიკრძალა.
მედეა ლომიძე