გაერო-ს გენმდივანი: 2020 წელს შესაძლოა, ასობით ათასი ბავშვი დაიღუპოს
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში ფიქრობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული გლობალური რეცესიის პირობებში, 2020 წელს მსოფლიომ შესაძლოა, ასობით ათასი ბავშვი დაკარგოს.
გუტიერეშმა მოხსენება წარადგინა, რომელშიც ამჟამინდელ პირობებში იმ რისკებზეა საუბარი, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან.
ვიდეომიმართვაში გენმდივანმა ოჯახებს, ასევე, ყველა დონეზე პოლიტიკურ ლიდერებს, ბავშვების დაცვისკენ მოუწოდა.
გუტიერეში აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა მოსწავლე დღეს სკოლის გარეთ დარჩა.
“ზოგიერთი სკოლა დისტანციურ სწავლებას სთავაზობს, მაგრამ მასთან წვდომა ყველას არ აქვს. ქვეყნებში, სადაც შენელებული ან ძვირადღირებული ინტერნეტია, ბავშვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან”, – აღნიშნა გუტერეშმა.
მისი თქმით, 310 მლნ მოსწავლე სკოლაში ყოველდღიურ რეჟიმში საკვების მიღების იმედის გარეშეა დარჩენილი. მისივე თქმით, პანდემიამდეც მსოფლიო აწყდებოდა ბავშვებში ზრდის შენელებასა და შიმშილს.
გუტერეში ამბობს, რომ ბავშვები შესაძლოა, ახლა მეტად ხდებოდნენ ოჯახური ძალადობის მოწმეები და მსხვერპლნი.
„არის საფრთხე, რომ გოგონებს სკოლიდან გამოიყვანენ, რაც გაზრდის ფეხმძიმობას მოზარდებში. არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა ინტერნეტში ექსპლუატაციის, ძალადობისა და დაცინვის რისკების ზრდა ბავშვებში. შეწყვეტილია წითელას ვაქცინაცია 23 ქვეყანაში და გადატვირთული საავადმყოფოების ფონზე, ავადმყოფმა ბავშვებმა შესაძლოა, საჭირო და აუცილებელი მკურნალობა ვერ მიიღონ. 2020 წელს შესაძლოა, ჩვეულებრივზე ასობით ათასით მეტი ბავშვი დაიღუპოს. დაიცავით ჩვენი ბავშვები“, – აღნიშნა გუტიერეშმა.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს – ბავშვებს კონფლიქტის ზონებში, ლტოლვილ და დევნილ ბავშვებს, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.