“ჯორჯიან ეარვეისი” “მთავარის” ბრალდებაზე: მტკნარი სიცრუეა, რომ “მაი ვეის” საქმიანობა ხელოვნურად შეფერხებულია

“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ტელეკომპანია „მთავარის“ 15 აპრილის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ერთ სიუჟეტს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ურთიერთობას ეხებოდა. სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ხოლო ავიაკომპანია „მაი ვეის“ საქმიანობა ხელოვნურად შეფერხებულია (ცნობისთვის: „მაი ვეის“ დამფუძნებლები გავლენიანი ჩინელი ბიზნესმენები არიან), რაც მტკნარი სიცრუეა”, – ამის შესახებ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვესის” გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.

“სიუჟეტში საქართველოს მთავრობა და ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, არც მეტი, არც ნაკლები, კორუფციულ გარიგებაში დაგვადანაშაულეს, რაც არა მარტო სიცრუე, არამედ წარმოუდგენელი უსინდისობაცაა.

„ჯორჯიან ეარვეისმა“ პანდემიის გამო 21 მარტიდან შეწყვიტა რეგულარული ფრენები და დღეისათვის, მთავრობასთან შეთანხმებით, მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებს უცხოეთში დარჩნილი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად. რეისები, ძირითადად, იმ მიმართლებებზე სრულდება, რომლებზეც ჩვენი კომპანია რეგულარულ ფრენებს ახორციელებდა.

ასობით ჩვენს თანამემამულეს რეისებზე ბილეთები წინასწარ ჰქონდა შეძენილი და რეგულარული ფრენების შეჩერების შემდეგ მომსახურების გარეშე დარჩა.

რომელ კორუფციაზე შეიძლება საუბარი იმ დროს, როდესაც ეს რეისები სრულდება ცალმხრივი დატვირთვით. თბილისიდან, პრაქტიკულად, ცარიელი თვითმფრინავი მიფრინავს, რომელიც მხოლოდ ადგილზე ივსება. თანაც, ბილეთები იყიდება სახელმწიფოს მიერ დადგენილ, – 199 ევროდ.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ყოველ შესრულებულ ევროპულ რეისზე იღებს 20-30 ათასი დოლარის ოდენობის ზარალს. დღეისათვის ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ უკვე იზარალა 250 ათას დოლარზე მეტი”, – განაცხადა რომან ბოკერიამ.
მისივე თქმით, სიუჟეტში მონაწილე ექსპერტები მდგომარეობის ცრუ ანალიზით მოსახლეობის მოტყუებას ცდილობდნენ.

„ჯორჯიან ეარვეისს“ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება არ მიუღია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპანია, როგორც ყოველთვის, არსებობის ოცდაშვიდი წლის მანძილზე, მხარში უდგას საკუთარ ხალხსა და მთავრობას ამ მძიმე გამოწვევის დროს.

ჩვენ საქართველოს მთავრობას მივმართეთ თხოვნით, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამუშავდება ბიზნესისთვის დახმარების პროგრამა, გაითვალისწინოს „ჯორჯიან ეარვეისის“ უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა. ეს საყურადღებოა იმის გათვალისწინებითაც, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ 700-ზე მეტ კვალიფიციურ კადრს უზრუნველყოფს საშვებულებო-სახელფასო ანაზღაურებით, რაც ამ პერიოდისთვის სოლიდურ თანხას შეადგენს და, პრაქტიკულად, შემოსავლების გარეშე დარჩენილ ავიაკომპანიას უმძიმეს ტვირთად აწვება.

აქვე მინდა, გამოვეხმაურო საქართველოში კარგად ცნობილ იმ თაღლით ვაიექსპერტებს, რომლებიც სიუჟეტში მონაწილეობდნენ და მდგომარეობის ცრუ ანალიზით მოსახლეობის მოტყუებას ცდილობდნენ. ამაოა ეს თქვენი მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოთ.

თუკი ავიაკომპანია „მაი ვეი“ ასე დაინტერესებულია, რომ ქართველ ხალხს დახმარების ხელი გამოუწოდოს, მას შეეძლო, ჩინეთიდან ჩამოეტანა ეპიდემიის დროს საჭირო და აუცილებელი ის აღჭურვილობა (ნიღბები, ფილტვების სავენტილაციო აპარატურა და ა.შ.) რის დეფიციტსაც საქართველო განიცდის”, – აღნიშნა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები