სუს-ი: ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები განეიტრალდა

“აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში”,-ამის შესახებ სუს-ის 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული. პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში, “რბილ ძალაზეცაა” საუბარი, რომელიც არსებითი გამოწვევაა ცალკეული ქვეყნების.

“2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას. დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოსთან ძალისმიერი დაპირისპირების ფაქტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარეობდა ვითარების მონიტორინგი და ხორციელდებოდა დეესკალაციის ღონისძიებები.
​გასულ წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მხრიდან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გარკვეულ ნაწილზე იდეოლოგიური ზეგავლენის და სეპარატისტული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისების მცდელობებს. აღნიშნულის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისა და აქტივობების საფარქვეშ, სამიზნე ჯგუფებში ხორციელდებოდა ანტიქართული განწყობების გაღვივებისა და საქართველოს სახელმწიფოსგან მათი დისტანცირების მცდელობა. ამავე დროს, პერიოდულად ვრცელდებოდა გაყალბებული ფაქტები და მიმდინარეობდა მითების შექმნა, რათა ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი საერთო პრობლემები ეთნიკური ნიშნით წარმოჩენილიყო.
​საანგარიშო პერიოდში კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში. ხორციელდებოდა შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და განეიტრალდა ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები.
​სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის არსებითი გამოწვევაა ცალკეული ქვეყნების „რბილი ძალის“ პოლიტიკა და მისი რეალიზების მცდელობები. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან გამოიკვეთა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საექსპერტო, სპორტული თუ სხვა პროფესიული არხების გამოყენებით საზოგადოების სხვადასხვა ფენაში საკუთარი ინტერესების გატარების მცდელობა.
ე.წ. რბილი ძალის ფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლის ფარგლებში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ისტორიულ-კულტურულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ ინტერესებს მორგებული მსოფლმხედველობის გავრცელება.
​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა ვითარების კონტროლი. 2019 წელს აღკვეთილი იქნა „რბილი ძალის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება და აქტივობა, სადაც გამოვლინდა პროპაგანდისტული, სეპარატისტული, აკრძალული სიმბოლიკის (მათ შორის, საბჭოთა) გამოყენების ან სხვა სახის დესტრუქციული საქმიანობის მცდელობა”,-ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები