WHO: მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 70-ზე მეტი ვაქცინა მუშავდება
მსოფლიოში დღესდღეობით კორონავირუსის საწინააღმდეგო, სულ მცირე, 70 ვაქცინა მუშავდება, მათგან სამის კლინიკური ცდები დაიწყო, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასრულებასთან ყველაზე ახლოს არის ჰონგ კონგში კომპანია CanSino Biologics Inc.-სა და პეკინის ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ვაქცინა. პრეპარატი ტესტირებისთვის არის მზად და, ამჟამად, კლინიკური შემოწმების მეორე ეტაპს გადის.
შემდეგ არის ამერიკული კომპანიების Moderna Inc.-სა და Inovio Pharmaceuticals Inc.-ის ვაქცინები.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინის შემუშავებაში სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობს – დაწყებული ფარმაცევტული კომპანიებით და აკადემიური ცენტრებით, დამთავრებული არაკომერციული ჯგუფებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ტემპები უპრეცედენტოა, რადგან მედიკამენტის შექმნას, ჩვეულებრივ დროს, წლები სჭირდება.