დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა, რადგან ორგანიზაციამ “მთავარი ვალდებულება არ შეასრულა”, რაც კორონავირუსის პანდემიაზე დროულ რეაგირებას გულისხმობს.

“ადმინისტრაციას მივმართავ განკარგულებით, რომ შეაჩეროს დაფინანსება, სანამ ვირუსის გავრცელებასა და არაეფექტურობის ნაწილში მისი როლის გამოძიება არ დასრულდება. ორგანიზაციამ მთავარი ვალდებულება არ შეასრულა და პასუხი უნდა აგოს”, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთში დამოუკიდებელი ექსპერტები უნდა გაეგზავნა, რომ ვითარების ობიექტური შეფასება მომხდარიყო.

აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ორგანიზაციას რომ დროულად ეთქვა ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვირუსის გავრცელების შეჩერება იქნებოდა შესაძლებელი.

“ამერიკა და მსოფლიო ენდო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომ ის დროულ და ზუსტ ინფორმაცია მიაწვდიდა, ასევე, რეკომენდაციების მიღების ნაწილში. თუ მას ვერ ვენდობით, და ეს არის ის, რაც გვაქვს ორგანიზაციისგან, იძულებული გავხდებით სხვა ქვეყნებთან მუშაობის განსხვავებული ვარიანტები ვიპოვოთ, რომ ჯანდაცვის სფეროში მიზანს მივაღწიოთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს. ორგანიზაციასთან კონტაქტებს ვაგრძელებთ, რომ დავინახოთ, შეუძლიათ თუ არა მათ საფუძვლიანი რეფორმების გატარება”, – განმარტა დონალდ ტრამპმა.

აშშ WHO-ში უმსხვილეს ფინანსურ შენატანს აკეთებს. გასულ წელს 400 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტის 15%-ია.

ტრამპის მხრიდან ორგანიზაციის მისამართით კრიტიკა პირველად 7 აპრილს გაჟღერდა, რაზეც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ პანდემიის ფონზე ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების დრო არ არის.

15 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსს 25 981 ადამიანია ემსხვერპლა, ვირუსით 608 377 ადამიანია ინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები