WHO: წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ უნდა ველოდოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ის, სულ მცირე, ერთ წელიწადში შეიქმნება.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ხარისმა აღნიშნა, ვაქცინის შემუშავების დროს მნიშვნელოვანია, დამტკიცდეს, რომ ის პაციენტისთვის უსაფრთხო და ეფექტურია.

“უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინას არ გააჩნია არა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდში უარყოფითი შედეგი და უკუეფექტი, არამედ – ხანგრძლივ პერიოდშიც”, – განაცხადა ხარისმა და დასძინა, რომ ვაქცინის უსაფრთხოების გამოკვლევას რამდენიმე ეტაპი სჭირდება.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ვითარებაა შექმნილი.

მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში დაავადების უმნიშვნელო კლება შეინიშნება, თუმცა სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ბრიტანეთსა და თურქეთში მაჩვენებელი იზრდება.

“ჯერჯერობით, პიკს ნამდვილად ვერ ვხედავთ”, – აღნიშნა ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები