“ამ ბრძოლიდან ქვეყანა უნდა გამოვიდეს გამარჯვებული ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და გავუფრთხილდეთ თითოეული თანამოქალაქის ჯანმრთელობას”

“ამ ბრძოლიდან ქვეყანა უნდა გამოვიდეს გამარჯვებული ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და გავუფრთხილდეთ თითოეული თანამოქალაქის ჯანმრთელობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმებასა და ბზობის დღესასწაულზე კანონდარღვევის ფაქტებს შეეხებოდა.

მისი თქმით, ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში სრულად შეიცვალოს

“მოდით, შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი საკითხი. რა თქმა უნდა, დაჯარიმებები იყო და ეს არ ნიშნავს იმას და არ იქნება სერიოზული ჩემი მხრიდან, რომ ვთქვა, რომ დაჯარიმდა ყველა ის ადამიანი, ვინც კანონი დაარღვია. ეს რთული საკითხია, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. თქვენი კითხვის პირველი ნაწილი იყო – შედგა თუ არა შეთანხმება. ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად მდგენელები ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოცემულობები იცვლება. შესაბამისად, რაღაც შეთანხმებები შედგება ხვალ, იქნება საერთოდ სხვა გარემო, როდესაც ეს შეთანხმებები სხვა სახის უნდა იყოს. ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში სრულად შეიცვალოს.

სახელმწიფოს პოზიცია მდგომარეობს შემდგომში, რომ კანონი არ და ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს – ისევე, როგორც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ესმის, რომ ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და გავუფრთხილდეთ მოქალაქის ჯანმრთელობასაც. რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არავის აქვს. ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ ამ სირთულეზე გარკვეული სპეკულირება მოახდინოს, არ მინდა ამ თემის ღრმა დეტალებში წასვლა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის ნაწილში, ისე სახელმწიფოს ინსტიტუტების ნაწილსა და კანონის დარღვევის ნაწილში. ისევე როგორც, ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში. გამოწვევა ზუსტად ის გახლავთ, რომ ვიპოვოთ ის ოქროს ბალანსი, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ. ვმუშაობთ თითქმის ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია, ის სამწუხარო კადრები, ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი და ყველანაირ ზღვარს მიღმა კადრები, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ და გარდა ამისა მთელმა მსოფლიომ იხილა ის კადრებიც, როგორ მიმდინარეობს ქართულ ეკლესიებში მღვდელმსახურება ადამიანებს შორის დისტანციის დაცვით და ესეც გახდა სამაგალითო. ჩვენ აქ უნდა გვესმოდეს, რომ, პირველ ყოვლისა, არის ადამიანის ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა. ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით, ეკლესიასთან ერთად”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები