სტუ-ის რექტორი: რთულ ვითარებაში შევძელით, სტუდენტებისთვის სწავლების მოქნილი სისტემა შეგვეთავაზებინა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეის მდგომარეობით, საკარანტინო რეჟიმში ვიმყოფებით. ორგანიზაციები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. საჯარო სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი ონლაინ ხორციელდება.
რა ხდება, ამ მხრივ, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტში? რა ახალი გამოწვევების წინაშე დგას ის და რა ინსტრუმენტებით იმართება სასწავლო პროცესი? ამ და სხვა თემებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საუბრობს.
– ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურ-ელექტრონული ფორმით მიმდინარეობს. ჩვენი უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე მიმდინარე წლის 16 მარტიდან გადავიდა. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმოკლეს დროში ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები. ტექნიკურ უნივერსიტეტს უკვე ჰქონდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარებისა და გამოცდების ელექტრონული ფორმით ჩატარების გამოცდილება. სპეციალურად ფართომასშტაბიანი დისტანციური სწავლებისთვის განახლდა საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა – elearning.gtu.ge, რომელიც Moodle-ის სისტემას ეფუძნება. ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმა დღეისათვის ტექნიკურად გამართულად ფუნქციონირებს და მასზე შეუფერხებელად წვდომა სამივე საფეხურის ყველა სტუდენტისთვისაა შესაძლებელი. ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს საშუალება აქვთ, ელექტრონულ პლატფორმაზე მოიძიონ 2 700-ზე მეტი სალექციო კურსი, მიიღონ დავალებები და შესრულებული დავალება პლატფორმაზე შესაბამის გრაფაში ატვირთონ. რაც მთავარია, ჩვენს ელექტრონულ პორტალს მძლავრი ტექნიკური უზრუნველყოფა აქვს და კარგად უძლებს სტუდენტთა დიდი რაოდენობის ერთდროულად შესვლას.
– რამდენად სისტემატიზირებულია ონლაინლექციების ჩატარების პროცესი ტექნიკურ უნივერსიტეტში?
– ტექნიკურ უნივერსიტეტის ელექტრონულ პლატფორმაზე ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სალექციო კურსებისა და დავალებების ატვირთვის პარალელურად, მიმდინარეობს ონლაინ ლექციები. ონლაინლექციები 30 მარტიდან ტარდება და მათი რაოდენობა მოცემულ ეტაპზე 1800-ს აღემატება. ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ონლაინ ლექციები Zoom და BBB ვებ-საკონფერენციო აპლიკაციების საშუალებით უტარდებათ. შედგენილია ონლაინლექციების ცხრილი, რომლის მიხედვითაც სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ონლაინლექციებში. ცხრილი განთავსებულია პლატფორმა elearning.gtu.ge-ის მთავარ გვერდსა და სტუ-ის ვებგვერდის მთავარ გვერდზე. ამას გარდა, ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე სპეციალურად სტუდენტებისთვის განთავსებულია განახლებული გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით, რომელთა მეშვეობით ელექტრონული პლატფორმით სარგებლობისა და ონლაინ ლექციებზე ჩართვის შესახებ ინსტრუქციების მიღება შესაძლებელია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ვიდეოინსტრუქციები, ასევე, ატვირთულია elearning.gtu.ge-ზე, სტუ-ის ფესბუქის გვერდსა და youtube-ის საუნივერსიტეტო პლატფორმაზე.
გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტუდენტებთან ურთიერთობა, პასუხს ვცემთ მათ მხრიდან დასმულ შეკითხვებს. ასევე, უნივერსიტეტის ელექტრონული კომპონენტით სწავლების პლატფორმაზე ტექნიკურ და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაციები პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.
– რამდენად არის შესაძლებელი ელექტრონულ სწავლებაში პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების ჩართვა?
– შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა პროექტი და უკვე შესაძლებელია ელექტრონულ ფორმატში პრაქტიკული და ლაბორატორიული (ვირტუალური) მეცადინეობების ჩართვა. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები უკვე იყენებენ ელექტრონულ ინსტრუმენტებს სემინარებისა და კონსულტაციების ჩასატარებლად, ასევე, კურიკულუმში მითითებული ისეთი აქტივობების ჩასატარებლად, როგორიცაა: დისკუსია/დებატები, ჯგუფური მუშაობა, Case study, დემონსტრირების მეთოდი და სხვ. რაც შეეხება სასაწავლო/საწარმოო პრაქტიკასა და იმ ლაბორატორიულ/პრაქტიკულ მეცადინეობებს – ხატვა, კლაუზურა და სხვ., რომლებშიც აუცილებებლია პედაგოგისა და სტუდენტის უშუალო ჩართვა, ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდგომ.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და სწავლების ინდივიდური გრაფიკი შემოიღო, რაც სტუდენტის შეფასების საშუალებას მოგვცემს.
– შესაძლებელი იქნება თუ არა ელექტრონული შეფასების სისტემის შემოღება?
– მნიშვნელოვანი ეტაპია ელექტრონული შეფასების სისტემის დანერგვა – თითოეულ სასწავლო კურსს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აქვს შესაბამისი შეფასების სისტემა, რომელიც აუცილებლად აისახება შეფასების ელექტრონულ სისტემაში და მოიცავს შეფასების კომპონენტებს, შეფასების მეთოდებს, რაც შეფასების კრიტერიუმებით იზომება. შეფასების ფორმაში გათვალისწინებულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შეფასება ხდება იმავე სემესტრში, რომელშიც სწავლება ხორციელდება.
– უშუალოდ ვინ არის პასუხიმგებელი ტექნიკური უნივერსიტეტის ელეტრონული პლატფორმის მართვაზე და რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ელექტრონული სასწავლო პროცესის მონიტორინგი?
– პირველ ყოვლისა, უშუალოდ პასუხისმგებელია რექტორი, ასევე, ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილია პროგრამისტთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტთა ჯგუფი. სწორედ ეს ჯგუფი ატარებს ელექტრონული სწავლების შეუფერხებელ მიმდინარეობაზე მუდმივ დაკვირვებას და ყველა საჭირო შემთხვევაში, დროულად ეხმარება პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენად კანონის დაცვით ტარდება ლექციები, არის თუ არა დასწრება სტუდენტთა მხრიდან, ატარებენ თუ არა სათანადო პროფესორ-მასწავლებლები ელექტრონულ ლექციებს, ყოველდღიურ რეჟიმში კონტროლდება სტუ-ის მულტიმედიური, საკონფერენციო და უსაფრთხოების სისტემების მართვისა და ექსპლუატაციის ცენტრისა და ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფების მიერ.
– დაბოლოს, ელექტრონული სწავლების პროცესში სტუდენტებისთვის რამდენადაა ხელმისაწვდომი სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურა ელექტრონულ ფორმატში?
– რაც შეეხება სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურასა და მის ელექტრონულ ვერსიებს – ტექნიკურ უნივერსიტეტს ეს რესურსიც აქვს და იყენებს ელექტრონული სწავლების პროცესში. ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი წიგნსაცავია, სადაც დაცულია 3,7 მილიონი ბეჭდური და ელექტრონული წიგნი, სამეცნიერო ჟურნალი და პერიოდული გამოცემა. ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების განკარგულებაშია ისეთი ელექტრონული საძიებო კატალოგები და პლატფორმები, როგორიცაა: Koha, Science Direct, Scopus, WEB OF SCIENCE, CAMBRIDGE JOURNALS, Royal Society Publishing, IMF eLIBRARY, SAGE journals, EDWARD EIGAR Publishing, DUKE UNIVERSITY PRESS, Polpred.com და სხვ. გარდა ამისა, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით აქვთ წვდომა ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგთან, სადაც შესაძლებელია სასურველი ლიტერატურის ელექტრონული ვერსიის მოძიება და დისტანციური განაცხადის გაკეთება. თუ განაცხადი შეეხება ბეჭდურ ლიტერატურას, ამ შემთხვევაში, ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საჭირო ლიტერატურის სკანირებასა და მომხმარებლისთვის ელექტრონულ ფოსტაზე მიწოდებას 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
იმედი გვაქვს, სასწავლო პროცესი და ზოგადად, ჩვენი ცხოვრება მალე დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს, მაგრამ ერთი რამ აქედანვე ნათელია – ელექტრონული სწავლების მიმართულებით დაგროვილ და დანერგილ დიდ გამოცდილებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სასწავლო პროცესში შემდგომშიც აქტიურად გამოიყენებს.