თამარ ჩიბურდანიძე: ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს მხოლოდ იმ გზით, რა გზასაც ახლა ვადგავართ, აქამდე კი იყო შეცდომებით სავსე წლები

პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და სოხუმის დაცემის დღიდან 32 წლის თავს ეხმიანება. მისი თქმით, კონფლიქტის აღმოსაფხვრელად აუცილებელია საუბარი და დათმობები, რისთვისაც ორივე მხარე მზად უნდა იყოს. თამარ ჩიბურდანიძეს სჯერა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ გზით, რა გზასაც ხელისუფლება ახლა ადგას.

“33 წლის განმავლობაში კონფლიქტების მოგვარებაზე ვესაუბრებოდით ყველას, გარდა თავად კონფლიქტური მხარისა, არადა, კონფლიქტები კონფლიქტურ მხარესთან დიალოგის გარეშე არ გვარდება, მშვიდობის შენარჩუნების პირობებში”- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყანა ითვალისწინებდა დასავლელი პარტნიორების და არა თავად აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესებს.

“დღეს სოხუმის დაცემის დღეა, ტკივილიანი და სევდით სავსე დღე, თუმცა, ამასთანავე ვდღესასწაულობთ ჯვართამაღლებას. ეს კი ნიშანია იმ რწმენის, რომელიც გარდაუვალი დაბრუნების იმედს გვაძლევს. ამ გზის ძებნაში და ამ გამბედაობისთვის ბევრი ტკივილიანი წელი განვლიეთ. წავედით იმ გზით, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაშორა ჩვენს ძმებს, მივიღეთ განახლებული კონფლიქტი და კიდევ უფრო მეტი დაკარგული ტერიტორიები.

33 წელი ჩვენ მოვიარეთ მსოფლიო და ვეძებდით მეგობარს, რომელიც დაგვეხმარებოდა შიდა კონფლიქტების მოგვარებაში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ავირჩიეთ ნატოს და ევროკავშირის გზა. გვეგონა, რომ ამით აფხაზ და ოს ხალხს მოვხიბლავდით და რუსეთს შევაშინებდით. შედეგად კი მივიღეთ კიდევ უფრო გაციებული ურთიერთობები და ახალი კონფლიქტი – აგვისტოს ომი.

33 წლის განმავლობაში კონფლიქტების მოგვარებაზე ვესაუბრებოდით ყველას, გარდა თავად კონფლიქტური მხარისა, არადა, კონფლიქტები კონფლიქტურ მხარესთან დიალოგის გარეშე არ გვარდება მშვიდობის შენარჩუნების პირობებში. მთელი ეს წლები ვითვალისწინებდით ჩვენი პარტნიორების ინტერესებს და არასოდეს გაგვითვალისწინებია თავად აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესები, რის გარეშეც ეს კონფლიქტი არ მოგვარდება.

შეცდომები ბევრი იყო და ახლა დადგა დრო ამ შეცდომების გამოსწორების. მოლაპარაკება შესაძლებელია მაშინ, როდესაც კონფლიქტური მხარეები მიდიან დათმობაზე და ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს.
ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობიანი გზა და თავად “მშვიდობაა” უკვე ამ კონფლიქტების დარეგულირების მთავარი ფაქტორი.

სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს მხოლოდ იმ გზით, რა გზასაც ახლა ვადგავართ,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები