ლევან მაჭავარიანი – საზოგადოებას შევახსენებ, რომ ყველა რეზოლუციაში, რომელიც ევრობიუროკრატებმა ბოლო წლებში მიიღეს ასახულია, რომ თურმე სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გათავისუფლდეს, საფრანგეთის სენატში მორიგი აბსურდი დარეგისტრირდა
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ყველა რეზოლუციაში, რომელიც ევრობიუროკრატებმა ბოლო წლებში მიიღეს ასახულია, რომ თურმე სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გათავისუფლდეს, საფრანგეთის სენატში მორიგი აბსურდი დარეგისტრირდა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„მორიგი აბსურდია. ზოგადად, ევრობიუროკრატები ჩვენი მოქალაქეების თვალში თავიანთ რეპუტაციას თვითონ აკნინებენ. მე იმასაც შევახსენებ საზოგადოებას, რომ ყველა რეზოლუციაში, რომელიც ბოლო წლებში მიიღეს ასახულია, რომ, თურმე სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გათავისუფლდეს. ასევე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩმა იუსტიციის სამინისტროს დემარში მოუწყო იმ არგუმენტით, თითქოს სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობოდნენ, რის გამოც სიკვდილისპირას იყო მისული და უნდა გადაგვეყვანა სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რომ ყველაფერი წესრიგში იყო. მართლაც, ყველაფერი წესრიგშია, ბატონი სააკაშვილი შესანიშნავად გრძნობს თავს და ბოდიშიც არავის მოუხდია. ევრობიუროკრატები აგრძელებენ ასეთ ქცევას, ეს მათთვისვეა კონტრპროდუქტიული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის წინადადება დარეგისტრირდა, რომელშიც ყოფილ პრეზიდენტზეც არის საუბარი, „ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ საშინელ პირობებში რჩება პატიმრობაში, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ“.