არჩილ გორდულაძე – საფრანგეთის სენატი რეზოლუციას თუ მიიღებს, ისეთივე ფარატინა ფურცელი იქნება, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციები
„საფრანგეთის სენატი რეზოლუციას თუ მიიღებს, ზუსტად ისეთივე ფარატინა ფურცელი იქნება, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციები, სადაც სააკაშვილი მითითებულია, როგორც პოლიტპატიმარი, კეზერაშვილი – მედიამენეჯერი,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფრანგი კოლეგების კი არა, 27 ელჩის დემარში გვახსოვს. საუბრობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო მძიმე და კარგად გავიხსენოთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითვე ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ არ ჭამდა, არ იღებდა საკვებს.
„ფრანგი კოლეგების კი არა, 27 ელჩის დემარში გვახსოვს. საუბრობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო მძიმე და კარგად გავიხსენოთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითვე ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ არ ჭამდა, არ იღებდა საკვებს. ახლა მან მიიღო საკვები, ჭამს და კარგად არის. ის მართული ადამიანები, მათ შორის „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ ახლა სხვადასხვა თანამდებობაზე არიან, პატივს არ სცემენ ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელზეც ევროპა და ევროკავშირი უნდა იდგეს – ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის არ სცემენ პატივს თავისივე ინსტიტუციას, რომელსაც ქვია სტრასბურგის სასამართლო. თავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დადასტურებული აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მათ შორის მის მიმართ განხორციელებული ღონისძიებები და მკურნალობის მეთოდები, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებს. ახლა საპირწონედ ვისმენთ, რომ თურმე მასზე რაღაც ზეგავლენის მოხდენის მცდელობებია, რაც არის ტყუილი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ერთია ფაქტები და მეორეა „დიფ სთეითით“ მართული ადამიანების გაცხადებული ტყუილები, ცდილობენ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე დაასხან წყალი. დოკუმენტს თუ მიიღებენ, ზუსტად ისეთივე ფარატინა ფურცელი იქნება, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციები, სადაც სააკაშვილი მითითებულია, როგორც პოლიტპატიმარი და კეზერაშვილი – მედიამენეჯერი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის წინადადება დარეგისტრირდა, რომელშიც ყოფილ პრეზიდენტზეც არის საუბარი, „ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ საშინელ პირობებში რჩება პატიმრობაში, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ“.