რამდენად უსაფრთხოა სეირნობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე – ინფექციონისტის განმარტება
არის თუ არა საფრთხისშემცველი სუფთა ჰაერზე სეირნობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა გააკეთა.
როგორც ექიმი აცხადებს, ჰაერში ეს ინფექცია დიდხანს, ადამიანისგან განცალკევებულად ვერ ჩერდება, მაგრამ თუ ახლომახლო ბევრი ადამიანი ტრიალებს, ვირუსის გადაცემის რისკი არსებობს.
მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ მშობლებმა ბავშვების გასეირნებისას ყურადღება უნდა გამოიჩინონ და ისინი ხალხმრავალ ადგილებს მოარიდონ.
„ოქროს შუალედის დაცვა ძალიან რთულია. ერთი მხრივ, ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში პატარა ბინებში გამოკეტილები არ უნდა დარჩნენ იმიტომ, რომ ესეც მავნეა ჯანმრთლობისთვის. მეორე მხრივ, გასეირნების დროს არ უნდა შევქმნათ ინფექციის გავრცელების რისკი. რთულია იმის მართვა, რომ მშობლებმა გააკონტროლონ, ისეთ ადგილებში გაასეირნონ ბავშვები, სადაც არ იქნება ხალხი, ან ერთეული ადამიანები იქნებიან, რადგან ჰაერზეც არ მოხდეს რამდენიმე ადამიანის მჭიდრო კონტაქტი და ვირუსის გადაცემის რისკი არ გაიზარდოს.
ჰაერში ეს ინფექცია დიდხანს, ადამიანისგან განცალკევებულად ვერ ჩერდება იმიტომ, რომ წვეთები მერე ზედაპირებზე ილექება, თუ ახლომახლო ბევრი ადამიანი ტრიალებს, რისკი რა თქმა უნდა, არსებობს. ამიტომ მშობლების ამოცანაა, ისე მოახერხონ, რომ ხალხმრავალ ადგილებში არ გაასეირნონ ბავშვი და სახლში მოყვანის შემდეგ მკაცრად დაიცვან ჰიგიენური ნორმები“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე