სოფელ ხიდისყურში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა, თერმოსკრინინგი დასრულდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში უკვე მეორე დღეა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ადგილზე კოვიდ 19 დაინფიცირების ორი ფაქტი გამოვლინდა. ამ ეტაპზე, სოფელ ხიდისყურიდან კორონავირუსზე დამატებითი ნიმუში არ გაგზავნილა.
„ხიდისყურში გუშინ, ღამით დასრულდა სრულად თერმოსკრინინგი. მოსახლეობას რაიმე გართულებები არ აქვს. თითოეულ მოსახლესთან არის მუდმივი კონტაქტი. ამ დროისთვის, რაიმე ტიპის გართულებებს სოფელ ხიდისყურში არ ველოდებით“, – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 12 აპრილს დადასტურდა. დაინფიცირებულია 30 წალამდე ქალბატონი და მისი ოჯახის წევრი. 30 წლის ქალი თარჯიმნად მუშაობდა და უცხოელებთან ჰქონდა შეხება. ადგილობრივების თქმით, ინფიცირებულს ბოლო დღეების განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წგუშინ დაწესდა, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მუშაობის უფლება მიეცემა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.