რას ითხოვს ბიზნესი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კვლევა

გადასახადების შემცირება, ლარის სტაბილურობა, ხელმისაწვდომი გრძელვადიანი სესხები – ეს იმ მოთხოვნათა და რეკომენდაციების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბიზნესმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებულ კვლევაში დააფიქსირა.

გამოკითხულ ბიზნესმენთა 52% აცხადებს, რომ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა, თანამშრომლები დაეთხოვა.
ასეთი თანამშრომლები (70.5%) ხელფასის სრულად შენარჩუნებით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ნაწილობრივი ანაზღაურებით (19.1%) ან ანაზღაურების გარეშე (10.4%).
კვლევის თანახმად, ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა შეკვეთების შემცირება ან გაუქმებაა (10.2%). ასევე, სახელდება გაყიდვები, მათ შორის – ექსპორტი (11%). ამასთან, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების უმრავლესობას (გამოკითხულთა შორის 5.3% იყო ტურისტული კომპანიები) სრულად გაუუქმდათ ჯავშნები.
რესპოდენტთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ნედლეული არსებითად გაძვირდა, აღარ არის ხელმისაწვდომი ან მათი შესყიდვა შეფერხდა (11.5%), რაც გაცვლითი კურსის ცვლილებითა და გაძვირებული იჯარის პირობებში (6.3 %) პირდაპირ აისახება წარმოებასა და წარმოებული პროდუქტის ფასზე.

გამოკითხულთა 15.1% ფიქრობს, რომ ბიზნესის მდგრადობისთვის სახელმწიფომ დროებით უნდა შეამციროს ან საერთოდ გააუქმოს გადასახადები. მეწარმეთა ცალკეულ ნაწილს აქვს სირთულეები მიმდინარე სესხებსქ და დავალიანებებთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეღავათიანი, გრძელვადიანი სესხი (12%), არსებული სესხის გადავადება ან სუბსიდირება (5%). ნაწილი კი ბიზნესის მდგრადობისთვის ცალკეულ წინაპირობებს ასახელებს. კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება შეზღუდვების გარეშე (14.8%) და გაცვლითი კურსის სტაბილურობა (7.9%). 16.6%-ის თანახმად კი, მათ ბიზნესისთვის აუცილებელია პირდაპირი ფინანსური დახმარება გრანტის ან ახალი პროექტების დაფინანსების გზით.

კვლევა მიმდინარე წლის 25-30 მარტს ჩატარდა და მასში 615 მეწარმე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები