ლენტეხის შესასვლელთან საკარანტინო შეზღუდვებს III ქვეითი ბრიგადის სამხედროები სამართალდამცავებთან ერთად აკონტროლებენ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალი დღეს კიდევ გაიზარდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ლენტეხის შესასვლელთან III ქვეითი ბრიგადის სამხედროები სამართალდამცავებთან ერთად აკონტროლებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალში არსებულ საგუშაგოებთან შედარებით განსხვავებულია ლენტეხის ჩექპოინტის ფუნქციური დატვირთვა. ლენტეხის საგუშაგო გადაადგილების შეზღუდულ პუნქტს წარმოადგენს და სამხედროები რაიონში მხოლოდ სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების მანქანებს უშვებენ. რაიონიდან გამოსვლისას კი, ტარდება მანქანების მკაცრი კონტროლი, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და მოქალაქეების თერმოსკრინინგი.
ლენტეხის შეზღუდული გადაადგილების პუნქტზე III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული ბარიერები დადგეს, დამონტაჟებულია ღამის განათების ძლიერი სისტემებიც. დისლოკაციის ადგილის დატოვებამდე ჯარისკაცებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა მათი ეკიპირებაც.
ამჟამად, დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამოქმედო არეალში 30 საგუშაგოზეა მობილიზებული. 22 მარტიდან დღემდე თავდაცვის ძალებმა საქართველოს მასშტაბით მოწყობილ საგუშაგოებზე 253 880 ავტომანქანის დეკონტამინაცია და 620 000 ადამიანის თერმოსკრინინგი ჩაატარა.