არჩილ ჯაფარიძე: კარანტინი ლენტეხში გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება

იმის გამო, რომ გაჩნდა ახალი შემთხვევა, ეპიდემიოლოგები უკვე ახალ კონტაქტებზე მუშაობენ. ამ წუთებში მიმდინარეობს ადგილობრივი შტაბის საგანგებო სხდომა და ჩვენ საკითხებს ჯანდაცვისა და თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გავდივართ, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლაბორატორიებში გაგზავნილი 11 ნიმუშიდან, 4-ზე ანალიზებმა დადებითი შედეგი აჩვენა და რეალობა ამან მნიშვნელოვნად შეცვალა.

“ამ ნიმუშებიდან ყველა მასალა აღებული იყო ლენტეხში მცხოვრები იმ ადამიანებიდან, რომლებსაც შემხებლობა ჰქონდა დაინფიცირებულ 53 წლის მამაკაცთან.  საქართველოს მთავრობამ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება და ლენტეხი საკარანტინე ზონად გამოცხადდა. ყველა ის პიროვნება, რომელიც პირველად და მეორად შემხებლობაში იყო დაინფიცირებულთან თვითიზოლაციაშია და მათზე განსაკუთრებული დაკვირვება მიმდინარეობს”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, რისკის თავიდან აცილების მიზნით, ოთხივე დაინფიცირებულს თბილისის კლინიკებში გადაიყვანენ.

“ამ ეტაპისთვის გამოვლენილია 4 დაინფიცირებული, რომელთა შორის, სამწუხაროდ მცირეწლოვანიცაა. ისინი იმყოფებიან საკუთარ სახლებში,რადგან მათი ლენტეხის ე.წ ცხელების ცენტრში გადაყვანა შეიცავს დამატებით რისკებს, უახლოეს საათებში გადაყვანილი იქნებიან თბილისის კლინიკებში. მნიშვნელოვანია, რომ ოთხივე პიროვნება დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრი და ძალიან ახლობელია, აქედან გამომდინარე  კონტაქტების წრე დიდად არ გაფართოებულა. ეს არის ოჯახური კლასტერი,რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერთანაა კავშირში. რაც შეეხება კარანტინის ვადებს, ის ლენტეხში გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება და სანამ მთავარი ჯაჭვი არ გაწყდება“,- განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები