კახა კუჭავა: ფრანგული გამოცემა Atlantico-ს სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების” გუნდის მიერ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული იყო პრაგმატული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა

“ფრანგული გამოცემა Atlantico-ს სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების” გუნდის მიერ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული იყო პრაგმატული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ფრანგულ გამოცემა Atlantico-ში საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა. სტატიაში საუბარია ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევებზე.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამოცემის მიერ საქართველო არის წარმატებული ქვეყნის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილი, რომელმაც ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ფრონტზე. ეს ეხება  ეკონომიკურ თავისუფლებას, კორუფციასთან ბრძოლას, ინვესტიციებსა და ეკონომიკური ზრდის პოტენციალს, მიღწეულ შედეგებს.

მისი თქმით, ორ სხვადასხვა კვლევაში, რომელიც მოყვანილია ანტიკორუფციულ ნაწილში, საუბარია ამ წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგზე და საქართველო წარმოჩენილია ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც არის პოლონეთი, ჩეხეთი და, ამავდროულად, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.

„რა თქმა უნდა, ხაზგასმულია ის მიღწევები, რომლებიც ქვეყანას აქვს, ასევე, ეკონომიკური ზრდის კუთხით. ყველაფერი ეს, საბოლოოდ, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების” გუნდის მიერ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული იყო პრაგმატული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა, რომელმაც მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, „ვიზა-ფრი” რეჟიმამდე, რომელმაც ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოგვცა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ის ბრწყინვალე გზავნილი, ჩემი აზრით, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩება და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე ვისაუბროთ საკმაოდ ახლო მომავალში”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები