ნათია თურნავა: საწარმოთა ინსპექტირების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, 122 საწარმოა შემოწმებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, უკვე 122 საწარმო იქნა შემოწმებული. ნათია თურნავას თქმით, მათ შორის დიდი ნაწილი ის სისტემური, მსხვილი საწარმოებია, რომლებსაც მუშაობა არ შეუწყვეტიათ.

„საწარმოების ინსპექტირება მიმდინარეობს გეგმაზომიერად. შემოწმებული საწარმოების დიდი ნაწილი ის სისტემური, მსხვილი საწარმოებია, რომლებიც არ გაჩერებულა და აგრძელებენ მუშაობას. ამ ნაწილში ჩვენ დიდი შენიშვნები არ გვაქვს, რადგან მათ სწრაფად შეძლეს ახალ პირობებზე მორგება და ადაპტირება და უსაფრთხოების წესების დაცვა სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშაობის განახლების ნებართვის მისაღებად სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულმა 58-მა საწარმომ და სამშენებლო კომპანიამ მიმართა, რომელთაც დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება და ახლა მისი აღდგენა სურთ. თუმცა, მათმა ნაწილმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„სამწუხაროდ, აქედან ოცმა კომპანიამ, ჯერჯერობით, ჩვენგან დაკავშირებით დადებითი პასუხი ვერ მიიღო, რადგან მთელი რიგი ხარვეზები ჰქონდათ. მათ განემარტათ ეს ხარვეზები და რა უნდა განახორციელონ, რომ შემდგომში შემოწმების დროს სრულად უპასუხონ ჩვენს მოთხოვნებს და საქმიანობის ნება დავრთოთ. ეს პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას მის შესახებ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები