დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვან გამოცდას გადის და კიდევ უფრო განმტკიცდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ში მყოფი ქართველი მოსწავლეების საქართველოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისის დანიშვნის ფაქტს “ტვიტერის” გვერდზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსა და აშშ-ს მთავრობათა ერთობლივი მუშაობისა და მენეჯმენტის შედეგია.
„ქართველი მოსწავლეები სამშობლოში დაბრუნდებიან, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობათა ერთობლივი მუშაობისა და მენეჯმენტის შედეგია. ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიულ პარტნიორობის საიმედოობა ამ რთულ დროში მნიშვნელოვან გამოცდას გადის და კიდევ უფრო განმტკიცდება“, – წერს ზალკალიანი.
ცნობისთვის, საქართველოსა და ამერიკის მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აშშ-ში მყოფი სკოლის 79 მოსწავლე სამშობლოში დაბრუნდება. სპეციალური რეისი ხვალ, 10 აპრილს შედგება ამერიკის შეერთებული შტატებიდან დოჰაში, რომლის უზრუნველყოფას საკუთარ თავზე იღებს ამერიკის მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში 79 ბავშვის საქართველოში ჩამოყვანას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.