გორის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს პროდუქტების ახალი პაკეტი დაურიგდათ
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო. პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – პაატა ივანიშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი – ლია კოვზიაშვილი ესწრებოდნენ.
პაკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 62 ბაღის 6000აღსაზრდელმა უნდა მიიღოს, არამალფუჭებად პროდუქტთან ერთად, ხილსა და ბოსტნეულსაც შეიცავს.
საკვების დარიგება სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 16 მარტიდან აღარ განახლებულა, რის გამოც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაეცა.
დღემდე პროდუქტი 2 ეტაპად დარიგდა. პირველ ეტაპზე კვების პროდუქტი სოციალურად დაუცველმა 900-მა აღსაზრდელმა მიიღო, მომდევნო ეტაპზე კი პროდუქტი ყველა აღსაზრდელისთვის გაიცა.