კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 14 პაციენტის ანალიზი კოვიდ 19-ზე უარყოფითი აღმოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებთან დაადასტურა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ დროისთვის რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
“კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და კოვიდ-19-ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა, ამ ეტაპზე, არ გვაქვს”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
10 საკარანტინე ლოკაციაზე რეგიონის მასშტაბით, 446 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაცია მოეხსნა 15 მოქალაქეს და იზოლაციაში 14 პირი რჩება.
ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ნიმუშების აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა როგორც ცხელების ცენტრებიდან, ისე კარანტინის ზონებიდან ხდება.
“ნიმუშების აღება ხდება როგორც ცხელების ცენტრებიდან, ისე – საკარანტინე ზონებიდან და აღებული ნიმუშები იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში”, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 39 და გარდაიცვალა 2 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4708 პირი იმყოფება და მეთვალყურეობას 370 მოქალაქე გადის.