დავით ზალკალიანი: უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისები ბარსელონადან და ვარშავიდანაც შესრულდება
“24 აპრილსა და 27 აპრილს თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმართულებით და, ასევე, თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით ფრენები განხორციელდება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, პრემიერმინისტრთან უშუალო კოორდინაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივ დაბრუნებაზე მუშაობს.
„ჩვენ უკვე განვახორციელეთ რამდენიმე რეისი ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად და ვმუშაობთ, ასევე, შემდგომ ეტაპობრივ გამოყვანაზე ჩვენი მოქალაქეებისა. როგორც უკვე საზოგადოებას ვაუწყეთ, უახლოესი ფრენების განრიგი არის შემდეგნაირი – 7 აპრილს განხორციელდება ფრენა თბილისი-ათენის მიმართულებით, 10 აპრილს -თბილისი-ლარნაკას მიმართულებით, 12 აპრილს – თბილისი-ბერნილი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს – თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის რეისები, რომლებიც უკვე იყო დაანონსებული და რომელზეც დაიწყება ორი დღით ადრე ბილეთების გაყიდვა. ეს იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისად. ჩვენ ამ მიმართულებებიდან ეტაპობრივად დავაბრუნებთ ჩვენს მოქალაქეებს. გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ სამი ახალი მიმართულება, ეს გახლავთ: 16 აპრილს – თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილს – თბილისი-თელავივი-თბილისი და 21 აპრილს – თბილისი-რომი-თბილისი. ყოველდღიურად, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, საბჭოს წევრებსა და პრემიერმინისტრს ვუყვები ამ პროცესის შესახებ და ვიღებ შესაბამის მითითებებს. ჩვენი დღევანდელი კონსულტაციების შედეგად კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება. 24 აპრილსა და 27 აპრილს განხორციელდება თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმართულებით და, ასევე, თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. ეს ფრენებიც განხორციელდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ბილეთები გაიყიდება ორი დღით ადრე და, ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. დღეისათვის 5 ათასამდე მოქალაქეა დაბრუნებული სამშობლოში”, – განაცხადა მინისტრმა.