EBRD საქართველოსა და სხვა ქვეყნებს 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

„სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში, EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამურად, 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორის –  მატეო პატრონისა და კავკასიის რეგიონული დირექტორის – კატარინა ბიორლინ ჰანსენის სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა ადგილობრივ კომპანიებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში დაეხმარება.

„გადაუდებელი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში EBRD-მა შექმნა „გამძლეობის ჩარჩო”, რათა უზრუნველეყო დაფინანსება იმ კლიენტებისთვის, რომელთაც მყარი ბიზნეს საფუძვლები აქვთ და დროებით საკრედიტო სირთულეებს აწყდებიან. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ დამატებითი ზომები საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მისი ეკონომიკის მხარდასაჭერად“, – განაცხადა მატეო ​პატრონიმ.

“EBRD-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს, COVID-19 გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბანკის ხელმძღვანელობას მუდმივი თანადგომისათვის. იმედს გამოვთქვამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და ძალისხმევით, საქართველოს ეკონომიკა შეძლებს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით უპასუხოს ამ გლობალურ გამოწვევას“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფინანსურ სექტორს. კონფლიქტისა და გლობალური ეკონომიკური რეცესიის ფონზე, ბანკი უზრუნველყოფს ლიკვიდურობის დიდ დოზას საბანკო სექტორისათვის.

EBRD–ის მხარდაჭერა მოიცავს, ასევე, ისეთ ზომებს, როგორებიცაა გადაუდებელი ლიკვიდურობა, სამუშაო კაპიტალი და ვაჭრობის დაფინანსება. ბანკი თანამშრომლობს დიდი ხნის პარტნიორ კომერციულ ბანკებთან, რათა ხელი შეუწყოს კერძო სექტორისათვის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, დაფინანსებაზე წვდომას.

“EBRD ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 249 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის,” – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები