საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.
როგორც ნოე მეგრელიშვილი აცხადებს, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ავტოტრანსპორტის მოძრაობის მკვეთრად შემცირების შედეგია.

„საქართველოში, უმსხვილეს ქალაქებში, ძირითადად, ორი დამბინძურებლის პრობლემა იყო. ესენია აზოტის ორჟანგი და მყარი ნაწილაკები. როგორც ვამბობდით, აზოტის ორჟანგის მთავარი წყარო ავტოტრანსპორტი იყო, დაახლოებით, 70 % ავტომანქანის გამონაბოლქვზე მოდიოდა.
მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა და საქართველოშიც საგანგებო მდგომარეობაა დაწესდა, შეიძლება ითქვას, ამ დამბინძურებლის აშკარა კლება გვაქვს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ მონიტორინგის სადგურებზე, რომლებიც გზის პირასაა განთავსებული და სწორედ ავტომობილის გამონაბოლქვის შედეგად ფორმირებულ ჰაერის ხარისხს აკვირდება. თუმცა, ამ პრობლემური დამბინძურებლის მნიშვნელოვანი კლება აბსოლუტურად ყველა სადგურზე გვაქვს. ჰაერის ხარისხი ჩვენს პორტალზე ჰაერის ხარისხის ინდექსებითაა წარმოჩენილი და აზოტი ჩამოვიდა ყველაზე დაბალ ნიშნულზე. ეს მანამდე იშვიათობა იყო. ცალსახად გვაქვს კლება.
დაახლოებით 25-30 მიკრო გრამ /მეტრ კუბში მერყეობს აზოტის ორჟანგის მაჩვენებელი მაშინ, როცა სხვა პერიოდში 40 -ზე მაღლა იყო.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

რაც შეეხება მყარ ნაწილაკებს – მეგრელიშვილის თქმით, ასეთი მკვეთრი და აშკარა შემცირება არ ფიქსირდება.

„მეორე პრობლემური დამბინძურებელია მყარი ნაწილაკები. ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მყარი ნაწილაკების მთავარი წყარო არ არის ავტოტრანსპორტის სექტორი, არამედ ესაა სამშენებლო, სამრეწველო სექტორი. ასევე, უდაბნოს მტვერი ძალიან ხშირად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, მყარ ნაწილაკებზე ასეთი მკვეთრი და აშკარა შემცირება არ გვქვს, თუმცა, გარკვეული შემცირებები აქაცაა“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაწესებულია საყოველთაო კარანტინი და “კომენდანტის საათი”. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები