მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რჩება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება, დანარჩენი 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე თქმით, აღნიშნულ 4 პაციენტთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია.
„კრიტიკულ პაციენტად ვაფასებთ ერთ პაციენტს. დანარჩენი 4 პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. მათთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია, აღარ გაგრძელებულა და იმედია, რამდენიმე დღეში ვიტყვი, რომ ისინი ჩვეულებრივ, მძიმე პაციენტები არიან.
ჯერჯერობით რჩებიან ჩვენს კლინიკაში არასრულწლოვნებიც. 2 არასრულწლოვანია და მათი კვლევის შედეგების პერიოდიც დადგა და ალბათ, ისინიც დატოვებენ კლინიკას გამოჯანმრთელებულები.
დღეს დილით ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტი 15 პაციენტს გაუკეთეს”,- განაცხადა ეზუგბაიამ.