თურქეთი კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას გამოჯანმრთელებულთა სისხლის გადასხმით აპირებს
თურქეთში მომდევნო კვირიდან იმ ადამიანების სისხლის გადასხმა იწყება, რომლებიც კორონავირუსისგან უკვე განიკურნენ, – განაცხადა “წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის” თურქეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ქერემ კინიქმა.
“მომდევნო კვირიდან მკურნალობის ახალ მეთოდზე გადავდივართ. საჭიროა, 14 დღე იყოს გასული ინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელებიდან. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არარსებობის პირობებში, საკუთარი შესაძლებლობის გამოყენება გვიწევს. ვფიქრობ, ეს მეთოდი მსოფლიოში ყველაზე ეფექტური იქნება”, – განაცხადა კინიქმა.
მისივე თქმით, COVID-19 გადატანილი ადამიანების პლაზმა ახალი კორონავირუსის ანტისხეულებს შეიცავს და მისი გადასხმა სხვა ინფიცირებულებს გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.
თურქეთში კორონავირუსის 18 135 დადასტურებული შემთხვევაა; 356 პაციენტი გარდაიცვალა; 415 განიკურნა.