„ეგებ დედაქალაქის მერსაც მოეწონოს“ – ჟურნალისტი, რომელიც კორპუსის ეზოში გამოჯანმრთელებული ადამიანების სახელზე ხეებს რგავს

ჟურნალისტმა მანანა კენჭიაშვილმა კორონავირუსის გამო შეცვლილ რეალობაში ერთი მშვენიერი საქმე წამოიწყო  – გამოჯანმრთელებული ადამიანების სახელზე კორპუსის ეზოში ხეებს რგავს.
სწორედ ეს გახდა მასთან ინტერვიუს მიზეზიც.

– მანანა, ამ დღეებში ერთი მშვენიერი იდეა  გაახმაურეთ… გადაწყვიტე ხეივნის გაშენება,  გამოჯანმრთელებულთა სახელზე ხეს რგავ…
– როცა იქნება, პანდემია დამარცხდება და ქვეყნები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან. მთავარია, ადამიანი დაუბრუნდეს თავის თავს, სითბო და სიკეთე თესოს, სამყარო უკეთესი რომ გახდეს. საამისოდ ერთი იდეა დამებადა – გამოჯანმრთელებული ადამიანების სახელზე კორპუსის ეზოში ხეებს ვრგავ.
– რომელ უბანში ცხოვრობ და რამდენად გაქვს კორპუსის ეზოში ამის შესაძლებლობა?
– კორპუსის ეზოში განა რამდენი დაეტევა?… ამ წამოწყების მერე ხუთი ხე დავრგე, სამი კიდევ დაეტევა ალბათ.
პარასკეობით დიღომში ჩამოჰქონდათ ნერგები, ამ სიტუაციის გამო აღარ ჩამოდიან სოფლებიდან. აივანზე კი მაქვს ერთი-ორი ნაძვი, ნეკერჩხალი, გარდენია, კამელია… იმათი ჩაბრძანება მომიწევს.
მგონი, მთავარი ინიციატივაა, ნერგების რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. აქ მეცხრე წელია ვცხოვრობ და სულ ვრგავ, ძველ კორპუსშიც ასე ვიჩიჩქნებოდი.
რომელ სართულზე ცხოვრობ?
– მეექვსეზე. თან ჩემი აივნიდან ბაღი არ ჩანს. ეზოში რამდენიმე მიწის ნაგლეჯია და იქ ვრგავ… მზესუმზირებიც მქონდა, მოსავლისთვის კი არა, ბავშვებს რომ ენახათ. ახლა ჯერ ნარცისები ყვავის მხოლოდ.
მეზობლები როგორ შეხვდნენ ამ წამოწყებას?
– მოსწონთ, უკვირთ… ძირითადად რაიონებიდან არიან, თუმცა ახლა ყველა გაიკრიფა, კანტიკუნტად არიან. მაშ, მე სოფელი არ უნდა მქონდეს?
– იმედი გაქვს, რომ თბილისის მერი გამოგეხმაურებათ…
– გამიხარდება, მიმდევრები თუ გამომიჩნდებიან. ასე უფრო გავამწვანებთ ჩვენს ეზოებს, ქუჩებს, ქალაქს.
ეს ცუდი დღეები რომ ჩაივლის, ეგებ ქალაქის მერმა კახი კალაძემ სადმე ტერიტორიაც გამოგვიყოს ტყის გასაშენებლად, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ხისა თუ ბუჩქის დარგვა ჩვენი ექიმების, პოლიციელების და ყველა იმ ადამიანის პატივსაცემად, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ებრძვიან პანდემიას. არ უნდა იყოს ურიგო იდეა, ვნახოთ, ეგებ დედაქალაქის მერსაც მოეწონოს.
– კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ცხოვრება…  რა განცდა გაქვს ახლა, როცა ყველა კარანტინში  ვართ?
კარგია, სოციალური ქსელი რომ არსებობს, ხანდახან ვსარგებლობ, სიახლეებს ვეცნობი, აზრს გამოვხატავ და ასე ვიკლავ პროფესიულ ჟინს. მითუმეტეს, ამ სიტუაციაში, როდესაც მართლა დავრჩით შინ და უფრო აქტუალური გახდა დისტანციური ურთიერთობები. კორონავირუსმა დედამიწა ისე შეატორტმანა, ადამიანს ბევრ რამეზე მოუწევს დაფიქრება, ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს და ვფიქრობ, ღირებულებებიც გადაფასდება. ახლა ყველას გვმართებს, ვაკეთოთ ის, რასაც ხელისუფლება მოითხოვს ჩვენგან და ისე, როგორც ამას ექიმები გვირჩევენ.
– თბილისში დაიბადე და გაიზარდე… გასახსენებელი გექნება…
– თბილისში დავიბადე. ჩემი უბანი – ვაშლიჯვარი თრიალეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარეობს. ამ დასახლებას ხან სამგორს, ხან მცხეთას, ხან გარდაბანს აკუთვნებდნენ, რაც ჩემს სამეგობრო წრეში ხუმრობის თემად იქცეოდა ხოლმე. აი, როცა ვაშლიჯვარი ჯერ ვაკის, ხოლო შემდეგ საბურთალოს რაიონი გახდა, ჩემი ,,ხოხბობის“ ამბავიც გადაწყდა.
არადა, ეს ტერიტორია, IX -X საუკუნეებში დასახლებული ყოფილა, რასაც ონადირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევებიც ადასტურებს. აქვე ვსწავლობდი, 158-ე სკოლაში. როცა იმ წლებზე ვფიქრობ, ყველაზე ხშირად ჩემი აზერბაიჯანელი თანაკლასელი – მალეიქა მახსენდება, მუდამ პირველ მერხთან მჯდომი, კარნახის დიდოსტატი.
იმ წლებში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა იკრძალებოდა, მაინც მიგვქონდა სკოლაში წითელი კვერცხები, რომლებსაც მალეიქა მალავდა ჩანთაში. ჩემი ძმის კლასელი ალიბალა მახსენდება, რომელიც ოჯახისაგან მალულად შემწვარი გოჭის ხორცს ჭამდა ხოლმე დაბადების დღეებზე.
მუსულმანური დღესასწაულების შემდეგ კი ჩვენ ვუხვევდით მალეიქას თითებს დოლბანდით, დირექტორს მისი ინიანი თითები რომ არ მოხვედროდა თვალში. ვერ ვხვდებოდით, ვის რას უშლიდა ან ინა, ან ენდროთი აღაჟღაჟებული კვერცხები.
ჩაივლიდა ეს დღსასწაულები და ყველას კარგა ხნით გვავიწყდებოდა ქრისტეცა და მუჰამედიც.
ახლა, როცა სკოლებში საკმაოდ მოხშირებულია ძალადობის შემთხვევები, თვალნათლივ ვხედავ, რამხელა განსხვავებაა ჩემი თაობის და ახლანდელი მოზარდების ურთიერთობაში. ვფიქრობ, ამაში მთელ საზოგადოებას მიუძღვის ბრალი.
– რატომ აირჩიე ჟურნალისტობა?
– დამთავრებით თბილისის 123-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, რადგან ვაშლიჯვრის სკოლა მაშინ რვაწლედი იყო. სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე. ეს არჩევანი ჩემს ბავშობას უკავშირდება.
კითხვა ადრეულ ასაკში დავიწყე. როცა უბნის ფოსტალიონი – ცალხელა ნიკა ჟურნალ-გაზეთების მძიმე ჩანთას ომს გადაჩენილი ერთი ხელით მოიხსნიდა და დასასვენებლად ჩვენს ჭიშკართან ჩამოჯდებოდა, გაზეთებში მოზრდილი შრიფტით დაბეჭდილ სათაურებს ვმარცვლავდი. ნიკა პაპამ ეს შეამჩნია და ვიდრე მთელ დასახლებას მოივლიდა, იქამდე მიტოვებდა წასაკითხად გაზეთ ,,ნორჩი ლენინელსა“ და ჟურნალ ,,დილას“.
ვფიქრობდი, როცა გავიზრდები, მეც საინტერესო ამბებს გამოვაქვეყნებ ჟურნალ-გაზეთებში-მეთქი.
ისე აგიხდეთ ყველა კეთილი სურვილი – პირველივე კურსიდან გაზეთ ,,ნორჩი ლენინელის’’ რედაქციაში დავიწყე მუშაობა წერილების აღმრიცხველად, თან კორესპოდენტის მოვალეობასც ვასრულებდი. ბედნიერი წლები იყო, იმ პატარა მყუდრო რედაქციაში საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმრობდნენ მოსწავლეები, მოჰქონდათ წერილები, მშობლიური მხარისა და სკოლის ამბებს გვაცნობდნენ. მათთვის ყოველთვის ღია იყო ჩვენი რედაქციის კარი.
ერთხანს „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაშიც ვიმუშავე, მერე ისევ საბავშვო გაზეთში დავბრუნდი, რადგან მოზარდ თაობასთან ურთიერთობა იყო ის, სადაც შეიძლებოდა ბოლომდე გავხარჯულიყავი.
გამომცემლობა ,,სამშობლოს“ გასხვისების შემდეგ, ჩვენმა საბავშვო გაზეთმა „ნორჩი ლენინელმა“, რომელიც ბოლო წლებში ,,ნერგის“ სახელით გამოდიოდა, არსებობა შეწყვიტა. ვფიქრობ, ამით ძალიან ბევრი რამ დააკლდათ ბავშვებს. ეს იყო 1924 წელს დაარსებული საბავშვო პერიოდული გამოცემა, სადაც კალამს ცდიდნენ მოსწავლეებიდა ჟურნალისტიკის ანა-ბანასაც ეცნობოდნენ, სიკეთის ქმნას, ერთმანეთის სიყვარულსა და თანადგომას სწავლობდნენ. ხშირად ვადარებ ერთმანეთს იმდროინდელი და ახლანდელი ჟურნალისტების საქმიანობას. განსხვავება ძალიან დიდია.
– ყველას გვახსოვს გასხვისებამდე „სამშობლოს“ ვანდალური დარბევა. მრავალი ჟურნალისტის მეორე ოჯახი იყო ეს სახლი, უამრავი წელი იმ რედაქციაში გაატარე, რომელსაც „ნორჩი ლენინელი“ ერქვა და მრავალი ძვირფასი ადამიანი დაგვრჩა მახსოვრობაში…
– იმდენად მტკივნეულია ვანო ცერცვაძის, ნათელა ფაილოძის, მზია კოჭლავაშვილის, მედიკო ღუდუშაურის, ნათელა მეხრიშვილის წასვლა, მიჭირს ამ თემაზე საუბარი.
21 წლის მივედი რედაქციაში წერილების აღმრიცხველად, დაახლოებით ფოსტალიონის რანგია. მერე ვიყავი კორესპონდენტი, განყოფილების გამგე დაბოლოს – რედაქტორის მოადგილე. მანდ გავიზარდე, მანდ იყო ჩემი ოჯახი… მტკივა… ვანდალურად დარბეული ჩემი ოთახი არ ამომდის გონებიდან… ხომ გახსოვს, შავი, დერმატინიანი კარი ჰქონდა, გაეჭრათ და ბამბაც კი ამოეღოთ, კონდიციონერი პირდაპირ გამოეგლიჯათ, მთელი არქივი იატაკზე და კიბეებზე ეყარა…
– როგორც ჟურნალისტი, სხვადასხვა პერიოდულ პრესაში მუშაობდი.  შეადარე დღევანდელი და მაშინდელი ჟურნალისტები…
– წლების მანძილზე თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემასთან მითანამშრომლია, ვცდილობდი დადებითი ემოციები მიმეტანა მკითხველამდე, კარგი სიახლეები გამეცნო მათთვის, ბოლო ინტერვიუ, რომელზეც ვიმუშავე, გაზეთ ,,კვირის პალიტრას’’ დაკვეთით ჩავწერე ბატონ გურამ შარაძესთან… მერე იცით, რაც მოხდა… იმ ამბავმა ისე იმოქმედა ჩემზე, სტრიქონიც აღარ დამიწერია, თითქოს რაღაც მოკვდა ჩემში. დაუცველობის განცდამ კარგა ხნით მატარა თავჩაღუნული… მერე გადავწყვიტე მთელი დრო ოჯახისთვის დამეთმო, ასეც მოვიქეცი და არასოდეს მინანია.
ადრე სიტყვის თავისუფლება აკლდა ჟურნალისტიკას, ახლა სიტყვა ლაგამამოუდებელია. სამაგიეროდ, ოპერატიულობით თანამედროვე ჟურნალისტები მეტად გამოირჩევიან, რაც მეტწილად უახლესი ტექნოლოგიების დამსახურებაა. ერთი რამ მინდა საგანგებოდ გამოვყო – თანამედროვე ჟურნალისტიკამ „ნიუსების“ ძებნაში მორალური ცნებები გააუფასურა. თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება, განსაკუთრებით ტელევიზიები, იმდენ უარყოფით ენერგიას აფრქვევს, გფიტავს ადამიანს, დაუცველობასა და უსუსრობის განცდას გიჩენს.
ერთხელ კურიერის ყურებისას სპეციალურად დავთვალე – პირველი ხუთი ნიუსი საშინელ ამბებზე იყო აგებული, მეექვსე კი იყო დადებითი, მაგრამ წამყვანი ორიოდე სიტყვით შემოიფარგლა. ისე ხდება, თითქოს უხილავი ხელი ცდილობს სიტყვის თავისუფლების ეგიდით დაზაფროს, ერთმანეთისგან გააუცხოვოს, იმედი ჩაუკლას და დეპრესიული გახადოს საზოგადოება.
– ოჯახი…
– ახლა, როგორც ნამდვილი ქართველი ბებია, ორ შვილიშვილს ვზრდი, ძერწვისა და აივანსა თუ ეზოში გაშენებული ყვავილნარისთვისაც ვიცლი. კატოსთვის ვძერწავ ხოლმე, ერთად ვთამაშობთ. ადრე არასოდეს მქონია ამისი სურვილი, ბებიობამ იცის ახალი „ნიჭები“.
დროდადრო ლექსსაც ,,გავეთამაშები“ ხოლმე, რომელსაც მხოლოდ მე ვკითხულობ…
– ლექსი

* * *

მე ის მადარდებს, რომ არ ვიქნები,
ვის შეაშფოთებს შენი ტკივილი…
ფიქრები თვალებს სევდით მიღამებს
და გულს მიხეთქავს ჩუმი კივილი…
რომ არ ვიქნები, შენი ტუჩები
ნეტა ვის თმებზე დატოვებს ამბორს.
რომ არ ვიქნები, ვისთვის მოიცლი,
ნეტავი ვისას გალეწავ კალოს…
ქარი მირეკავს ბატკნისფერ ღრუბლებს
და ფარასავით ცაზე ალაგებს…
რომ არ ვიქნები, რომ არ ვიქნები,
სხვა შეგიყვარებს და… ის მადარდებს…


თამარ შაიშმელაშვილი

 

           

     

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები