მამა ანდრია: სანამ გვიან არ არის, მოვუფრთხილდეთ ახლობლებს, სანამ ღმერთი გადმოგვძახებს ზევიდან: საქართველოს ეკლესია, სად ხარ?! ეს რა ჩაიდინე?!

„სანამ გვიან არ არის, მოვუფრთხილდეთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სანამ ღმერთი გადმოგვძახებს ზევიდან: საქართველოს ეკლესია, სად ხარ?! ეს რა ჩაიდინე?!“, – ამის შესახებ მღვდელმონაზონი ანდრია სარია „ფეისბუქში“ წერს.

როგორც მამა ანდრია აღნიშნავს, დღევანდელი მდგომარეობა ბიბლიიდან გველისა და ევას დიალოგს ახსენებს.

„ბიბლიიდან გველისა და ევას დიალოგს მახსენებს დღევანდელი მდგომარეობა. მსოფლიო ეკლესია მოუწოდებს მრევლს, დარჩით სახლში და ილოცეთო გადარჩენისთვის. როგორც ღმერთმა პირველმშობლებს უთხრა: ყოველი ნაყოფი ხისა მიირთვით, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, თორემ მოკვდებითო (დაბ. 3.3). ამ დროს მოდის ,,გველი” (ზოგიერთი მაცდური სასულიერო პირის მსგავსად) და გვეუბნება: მართლა განაჩინეს სხვა ეკლესიებმა არ მიხვიდეთ ტაძრებშიო? (მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? დაბ. 3.3.). დაახლოებით ეს ქვეტექსტი ამოვიკითხე… მღვდლები დიდი ,,მოშურნეობით” მოუწოდებენ მორწმუნეებს: ახლაა ჩვენი რწმენის დამტკიცების დრო! სწორედ ახლა უნდა დავამარცხოთ კორონა! და თანაც, დანარჩენ მსოფლიო ეკლესიებს შეფარულად განიკითხავენ: ისინი გატყუებენ,არ დაუჯეროთ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ეკლესიაში, დაიცვათ დისტანცია და არაფერი მოგივათ! თითქოს ამათ სიტყვებზეა სულიწმინიდის მადლი დაქვემდებარებული… (ოღონდ, ამას უმატებენ პრევენციულ ხერხსაც: და რამე თუ მოგივათ, ეს ეკლესიაში ნამდვილად არ მოხდება, მიზეზი ან სუპერმარკეტი ან ვინმესთან შეხვედრა იქნებაო)… როგორც გველმა უთხრა ევას: არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ იმ ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი (დაბ. 3. 5). სხვა კუთხით მაგრამ, იგივეს იმეორებენ სასულიერო პირები…. ეკლესიაში ლოცვით უფალი კორონასგან დაგვიცავსო (სახლში ლოცვა რატომ არის მავნებელი?!) დაახლოებით, ამას ვეუბნებით ადამიანებს (არადა, ფიზიკურ დაინფიცირებას ვინ გამორიცხავს ტაძარში?! ეს ხომ სიცრუეა) ხომ ვიცით, რაც მოუვიდა ევას უფლის სიტყვებისგან გადახვევის გამო? ჩვენც, ისე არ მოგვივიდეს!… თვითრჯულობა დამღუპველია…
ამიტომ, სანამ თავდადებას გადავწყვეტთ, მანამდე დავრჩეთ სახლში და კარგად გავაანალიზოთ მოცემული რეალობა. ადამსა და ევას თვალი როდესაც აეხილათ ძალიან გვიან იყო, ასე რომ არ გვაცდუნოს კორონას ,,უწყინარობამ” საქართველოში. სანამ გვიან არ არის მოვუფრთხილდეთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სანამ ღმერთი გადმოგვძახებს ზევიდან: საქართველოს ეკლესია სად ხარ?! ეს რა ჩაიდინე?!“, – წერს ანდრია სარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები