ცაგერში საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ნაწილს კუთვნილი ულუფა სახლში მიუტანეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა -გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულმა – არჩილ ჯაფარიძემ და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ უგრეხელიძემ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს თავიანთი კუთვნილი ულუფა საცხოვრებელ ადგილებზე მიუტანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბავშვების ჯანმრთელობის და სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ, გამოკვეთეს ის საჭიროებები, რომელიც ამ ეტაპისთვის პრიორიტეტულია და დახმარება აღუთქვეს.
მათ ოჯახებს ქვეყანაში KOVID-19-ის პრევენციის ღონისძიებებისა და სტატისტიკის შესახებ ახალი ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ “რეგიონულ კვირასთან“ განაცხადა, ბავშვების ჯანსაღი აღზრდა და კვება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და ამიტომაც, საჭიროა მათ მიიღონ ის პროდუქტი, რაც სახელმწიფომ გამოყო.
“ეს პროცესი დღეიდან დაიწყო და გაგრძელდება, ბაღებში პროდუქტების მარაგი უკვე შევსებულია და თავიანთი კუთვნილი პროდუქტის მიღება მშობლებს დღეიდანვე შეეძლებათ. პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, სპეციალურად შექმნილი კომისიების მონიტორინგის მეთვალყურეობით“,-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
რეგიონის პირველმა პირებმა პატარებს საჩუქრები და ტკბილეულიც გადასცეს.