საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2020 წლის 22 იანვარს სახალხო დამცველმა მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და მოითხოვა იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლა.

სახელმწიფო ინსპექტორმა N1/100/2020 გადაწყვეტილებით, ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ნაწილში, სამართალდამრღვევად ცნო როგორც იუსტიციის სამინისტრო, ისე სპეციალური პენიტენციური სამსახური და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევისთვის ორივე უწყება დააჯარიმა.

ამასთან, ინსპექტორის სამსახურმა გაიზიარა სახალხო დამცველის მოთხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შედეგად მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით.

სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი. პრეს რელიზში საუბარი მხოლოდ იმ ნაწილებს მიემართება, სადაც სახელმწიფო ინსპექტორმა არ დაადგინა დარღვევა ან სადაც ხანდაზმულობის ვადების გასვლის გამო ვერ მოახერხა საკითხის შეფასება. ნახსენები არ არის ის საკითხები, სადაც სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევებად ცნო სამინისტრო, მისი ქვემდებარე უწყება – სპეციალური პენიტენციური სამსახური და ასევე მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შემოწმების დაწყების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები