ცაგერელი მცირე მეწარმე პირბადეებს ადგილობრივებს უსასყიდლოდ ურიგებს-“დავფიქრდი, როგორ დავხმარებოდი ჩემს ხალხს”

ნანა მეგრელი-კოპალიანი, ცაგერში ცხოვრობს და მცირე მეწარმეა – ქალაქის ცენტრში კვების ობიექტს ამუშავებდა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ნანამ ობიექტი დაკეტა და რეკომენდაციების გათვალისწინებით „სახლში დარჩა“.
„დარჩი სახლშიო, ხომ გვითხრეს? დავრჩი სახლში და დავფიქრდი – ამ ძნელბედობის ჟამს, როგორ დავხმარერებოდი ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. ბევრგან მოვისმინე, რომ პირბადეებზე დეფიციტი შეიქმნა, ზოგმა ალბათ, ძალიან ბევრი შეიძინა… ლეჩხუმშიც ანალოგიური პრობლემა დაგვიდგა. გადავწყვიტე შემეკერა პირბადეები და უსასყიდლოდ დამერიგებინა“, – გვიყვება მცირე მეწარმე.

ახალგაზრდა ქალს კერვა ადრე არასდროს უცდია, მაგრამ მოინდომა და ფერადი, სპეციალური მასალით მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების კერვა დაიწყო.
“პირბადეს სპეციალური მასალა სჭირდება. დავიწყე იმ მასალით, რომელიც სახლში მქონდა. საქმეს შევუდექი, ჩემი საქმიანობის შესახებ მეგობრებმა რომ გაიგეს, ვისაც რა შეეძლო, მომაწოდეს. სიკეთე ხომ გადამდებია… ცოტა ე.წ. რეზინებზე გამიჭირდა, მაღაზიები რომ დაიკეტა, ვეღარ ვშოულობ, არადა რესურსი უკვე ამოვწურე.. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში კერვა არასდროს მიცდია, მშვენიერი გამომდის, თანდათან დავხვეწე. ვზივარ, ვკერავ, მერე მათ ვჩუქნი, ვისაც სჭირდება”, – ამბობს ნანა მეგრელი-კოპალიანი.
ნანა დღეში 100-დან 150-მდე პირბადეს ამზადებს. მისი ქველმოქმედების შესახებ რომ ბევრ ადამიანს შეეტყო, განცხადება სოციალურ ქსელში განათავსა და მსურველებს დახმარება შესთავაზა.
„რეგიონული კვირის“ სტუმრობის მომენტში, ნანას საკერავ მაგიდაზე უამრავი პირბადე ელოდა ადრესატს, დაახარისხა და ქალაქში დასარიგებლად ჩანთაში ჩაალაგა –„ვისაც ძალიან სჭირდება, ჩვენთვის მუშაობს და სახლში დარჩენილებს გვემსახურება, დღეს იმათთვის მიმაქვს – პურის მცხობელებს, მაღაზიის გამყიდველებს, ბანკების თანამშრომლებს უნდა ვაჩუქო. ყველას ვერ გავწვდები, ბუნებრივია, მაგრამ ჯერ იმათ დავურიგებ, ვინც ხალხს ასეთ ფორსმაჟორში გვემსახურება“.
ნანას პირბადეებმა ცაგერში სახელი უკვე გაითქვა, ბევრ მადლიერ ადამიანსაც შეხვდებით. სოციალურ ქსელში დახმარებასაც სთავაზობენ. ახალგაზრდა ქველმოქმედს სურს, პანდემია მალე დასრულდეს და ყველაფერმა მშვიდობით ჩაიაროს.

– ინტერვიუს დასასრრულს, რას ეტყოდით საზოგადოებას?
– ჩემო ქართველებო, ჩვენ ისეთი ერი ვართ, აუცილებლად გადავრჩებით, მაგრამ გავიგონოთ – დავრჩეთ სახლში, ძალიან გთხოვთ.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები