დავით ჩიხელიძე: საქართველოს სამთავრობო გუნდი მსოფლიოს მრავალ მთავრობაზე ეფექტიანად უმკლავდება კრიზისულ სიტუაციას
„მთავრობის სიძლიერე და ეფექტურობა კრიზისულ სიტუაციებში მუშაობით ფასდება”, – ამის შესახებ ა/ო „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები არის შედეგისმომტანი და ადამიანზე ორიენტირებული.
„როგორც წესი, მთავრობის სიძლიერე და ეფექტურობა კრიზისულ სიტუაციებში მუშაობით ფასდება. სწორედ კრიზისი აჩვენებს, რამდენად ეფექტური, ძლიერი და კომპეტენტურია მთავრობა. მსოფლიო გამოწვევის ფონზე დავინახეთ, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი სამთავრობო გუნდი – გუნდი, რომელიც მსოფლიოს მრავალ მთავრობაზე ეფექტიანად უმკლავდება კრიზისულ სიტუაციას. ზოგადად, კრიზისული სიტუაციის დროს, სამთავრობო გუნდს უწევს ერთი შეხედვით არაპოპულარული, მაგრამ ქმედითი და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა. ეს ნაბიჯები იმ შემთხვევაშია წარმატებული და სწორი, თუ მოაქვს შედეგი და არ უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს. საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები არის შედეგისმომტანი (ამაზე ნათლად მეტყველებს დაინფიცირებულთა სტატისტიკა და დინამიკა) და ადამიანზე ორიენტირებული”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.
„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2 მილიარდი ლარი ნამდვილად დიდი რიცხვია, რომელსაც ეკონომიკის სტიმულირების უნარი შესწევს.
„დღეს გახდა ცნობილი, რომ მთავრობა მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი დაუფინანსდებათ. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად სწორი და დროული გადაწყვეტილებაა. ასევე, დღეს გაცხადდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოიყო 2 მლრდ ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის, ქართული რეალობისა და ჩვენი ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, 2 მილიარდი ლარი ნამდვილად დიდი ციფრია, რომელსაც ეკონომიკის სტიმულირების უნარი შესწევს. ფაქტია, მთავრობა კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებს, რაც ნათლად ჩანს მათ მიერ გატარებული ღონისძიებებით:
სასურსათო პროდუქციის ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა მცირე სასტუმროების სესხის %-ის სუბსიდირება ტურისტულ სექტორში ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადასახადის გადავადება და ა.შ.
პ.ს. სამწუხაროდ, უკვე გამოჩნდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, მთავრობის გადაწყვეტილება საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინონ, სხვისი საქმე მიისაკუთრონ და პოლიტიკური ქულები დაიწერონ, მსგავსი ქმედება კატეგორიულად მიუღებელია და პოლიტიკოსის დაბალ შეგნებაზე მიუთითებს, ზოგადად კი მიმაჩნია, რომ სხვისი წარმატების მისაკუთრება მხოლოდ არშემდგარ, კომპლექსებით სავსე ადამიანს შეუძლია”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.