გიორგი ცუცქირიძე: ხელისუფლების ამოცანაა, პოსტკრიზისულ პერიოდამდე ეკონომიკა მინიმალური დანაკარგით მივიდეს

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად მთავრობა 2 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, ხოლო უშუალოდ კორონავირუსთან საბრძოლველად 351 მილიონი ლარი გამოიყო. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განაცხადებით, მთავრობა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კომუნალურ გადასახადებსაც დაუფარავს. დროული და საკმარისია თუ არა მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები? ეკონომისტისა და საბანკო საქმის სპეციალისტის, გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში მთავრობის რეაქცია აბსოლუტურად სწორი და დროული იყო.
“ახლა მთავრობის ამოცანაა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდამდე ეკონომიკა მივიდეს მინიმალური დანაკარგებით. ჩემი აზრით, მთავრობის ეს სტრატეგია მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, უახლოეს სამ თვეზეა გათვლილი და შემდგომში იმოქმედებს ისე, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს, ვინაიდა როგორ განვითარდება მოვლენები და როდის დასრულდება პანდემია, არავინ იცის”, – აცხადებს ცუცქირიძე.

ცუცქირიძის მოსაზრებით, თანხა, რომელიც ხელისუფლებამ გამოყო იმ მიზნის მიღწევად, რაც ეკონომიკური ზარალის მინიმიზაციასა და მოსახლეობის სოციალურ თანადგომას გულისხმობს, საკმაოდ სოლიდურია. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და კარგია რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებად კონკრეტული გეგმა აქვს.

“ როგორც ვიცი, იგეგმება ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც სამსახური დაკარგა. მოხდება მათი დახმარება და ეს არ იქნება ირიბი ბენეფიტები”, – აცხადებს ცუცქირიძე.

მისი მოსაზრებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 2 მილიარდის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება. ცუცქირიძის თქმით, კორონავირუსის გამო, ძირითადად, ბიზნესის ეს სეგმენტი დაზარალდა და სწორედ ისინი ქმნიან სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან ნაწილს.

ცუცქირიძის განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანი იქნება, ასევე, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერაც. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ასეთ მხარდაჭერას საქართველო აუცილებლად მიიღებს და მთავარი დონორები ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ფინანსური ინსტიტუტები იქნებიან. ცუცქირიძის განმარტებით, ამის თქმის საშუალებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში საქართველოს მთავრობის რეპუტაცია იძლევა.

როგორც გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, ხელისუფლება, ჯერჯერობით, სწორი გზით მიდის და ამ ეტაპზე ბიზნესისათვის საგადასახადო წნეხის შემცირება, ისე, როგორც ამას ოპოზიცია და ეკონომისტების ერთი ნაწილი ითხოვს, გაუმართლებელია. მისი განმარტებით, გადასახადების შემცირების შემთხვევაში ბიუჯეტს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი მოაკლდება, ამ დანაკლისის ანაზღაურება კი ვითარების მეტ ნაკლებად დასტაბულურების შემთხვევაშიც გაჭირდება. ცუცქირიძის განცხადებით, პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ გადასახადების არსებულ ნიშნულზე დასაბრუნებლად ხელისუფლებას საყოველთო რეფერენდუმი ჩატარება მოუწევს, რაც ასევე ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები