„სანაპიროზე ივერიის ღვთისმშობლის ხატს ვხედავდი“ – როგორ იგრძნო წინასწარ ჩვენი დღევანდელობა ნათია გრიგოლიამ

ბათუმში მოღვაწე მხატვარი ნათია გრიგოლია პროფესიით პედაგოგია… ხატვა 36 წლის ასაკში ოჯახში დატრიალებული დიდი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. როგორც ამბობს, მანამდე ჰქონდა სიზმრები, წინათგრძნობა, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით გაიაზრა.
ნათიამ რამდენიმე თვის წინ დახატა სურათი, რომელსაც ვერაფერი დაარქვა და აღმოჩნდა, რომ დღევანდელობა კი აუსახავს – ჩაკეტილი შეშინებული ხალხის სახეებით – მხატვრისა და პედაგოგის, ნათია გრიგოლიას პერსონა.

– დავიბადე ბათუმში. ოჯახში ვცხოვრობდით მამა, დედა და ძმა. ვიზრდებოდი ძალიან მშვიდ გარემოში.
ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, მაგრამ ყოველთვის ვიხატავდი ჟურნალიდან, წიგნიდან. მაშინ მინდოდა პედაგოგი გავმხდარიყავი, რადგან ძალიან მიყვარს პატარები და მათთან ურთიერთობა. თუ არ გიყვარს ბავშვები, ვერ იქნები ბავშვების საყვარელი პედაგოგი.
– თვითნასწავლი მხატვარი ხართ. 36 წლის ასაკში დაიწყეთ ხატვა და ეს ტრაგედიამ განაპირობა…
– დიახ, ჩემდა გასაკვირად, მხატვრობა დავიწყე 36 წლის ასაკში. ეს იყო სრულიად შემთხვევით, როცა მინდოდა, რაღაც მეთქვა და სათქმელი ფურცელზე გადავიტანე.
მანამდე მამა დამეღუპა. ოჯახი სოფელში ვისვენებდით. ძველი მაცივარი გაგვიფუჭდა და მოხდა ისე, რომ დენმა გაატარა. მე გადავრჩი და მამა ადგილზე გარდაიცვალა.
მქონდა სიზმრებიც, წინათგრძნობაც, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიაზრე…
– მაინც რა სიზმრები ნახე?
– ცხელი ზაფხულის ივლისის თვე იყო. სანაპიროსთან ბევრი ხალხი იყო შეკრებული. კენჭებზე ივერიის ღვთისმშობლის ხატს ვხედავდი. მივუახლოვდი თუ არა, ხატიდან რაღაცებმა ცვენა დაიწყო. უეცრად ხალხის დიდი ბრბო ჩემკენ მობრუნდა და თითის გამოშვერით გამოხატა უკმაყოფილება, თუ რატომ შევეხე ხატს.
წამიერად ვიგრძენი, რომ დავპატარავდი. მართლაც, ვერაფრით ვიმართლე თავი. თავდახრილმა და ატირებულმა ხატი თავის ადგილზე დავდე. ყვირილისა და ჩოჩქოლის ხმა ისევ ჩამესმოდა. უეცრად ხატი ისევ გაიხსნა და რაღაცებმა ცვენა დაიწყო. თითქოს გამიხარდა, რადგან ხალხი მიხვდა, რომ მე არაფერში ვიყავი დამნაშავე.

„დღევანდელობა“ – პორტრეტი პირბადით

ხატის ერთ-ერთ ნაწილზე ოქროსფრად გარკვევით ეწერა რიცხვი – „5“. გამეღვიძა. ამ დღის მერე მუდმივად ვცდილობდი სიზმრის ახსნას. და აი, 13 აგვისტოს, ისევ ზაფხულის ცხელ დღეს, დიდი ტრაგედია დაატყდა ჩემს ოჯახს. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი სიზმრის დასაწყისი. თუმცა მას მერე კიდევ ორი წელი გავიდა და რიცხვ „5“-ს ვერაფერს ვუკავშირებდი. ვეძებდი ყველგან და ყოველთვის.
ამასობაში ჩემმა ქვეცნობიერმა გაიღვიძა და დავიწყე ხატვა. ეს ძალიან დამეხმარა, ვხატავდი ჩემს ტკივილს, განცდებს, სევდას, მონატრებას…
ერთ დღესაც ჩემი ნახატები სოციალური ქსელით გავრცელდა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დადებითი მუხტი და ემოციები მახარებდა და მაბედნიერებდა.
ასე გავხდი თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც დღემდე ისევ ვეძებდი რიცხვ „5“-ს, მივხვდი, რომ ეს 5 დეკემბერია, როცა ხალხმა გამიცნო და შემიყვარა ჩემი ნახატებით.
ჩემმა მეგობარმა თავის ფეისბუქგვერდზე ატვირთა ჩემი რამდენიმე ნახატი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმიდან დამიკავშირდნენ და როცა მივედი, მაშინ მითხრეს, რომ მე მექნებოდა გამოფენა, რაც ჩემთვის გამაოგნებელი იყო.
– ორიგინალური და ემოციით სავსეა პორტრეტები…

სურათი-წინათგრძნობა: შეშინებული სახეები

– ყველა ჩემი ნახატი ემოციითაა დატვირთული და რეალური მოგონებებია ასახული. ზოგჯერ ქვეცნობიერი მკარნახობს მუზას, ანდა, მოყოლილი ისტორიები წარმოსახვაში ახალ ფერებს ისხამს.
ასეც ხდება, ზოგჯერ ხატავ, მაგრამ არ იცი, რას. გაგიკვირდებათ და, რამდენიმე თვის წინ დავხატე ნახატი, რომელსაც ვერაფერი დავარქვი. აღმოჩნდა, რომ დამიხატავს დღევანდელი ვითარება.
თავისით დაიხატა… მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რას ვხატავდი. ეს სურათი დღევანდელ სახეებს ჩაკეტილ ხალხს და შეშინებული ადამიანების ერთიანობას ასახავს, ვინ როგორ გაუძლებს ამ სიტუაციას. ასე ვიტყოდი.
– კორონავირუსის ჟამმა ააფორიაქა სული… ფეისბუქზე ახალი ნახატები გამოჩნდა…
– თავიდან ეს არ იყო ძალიან შემაშფოთებელი, მაგრამ ამდენი ხალხის სიკვდილიანობამ ძალიან იმოქმედა. არაადეკვატურმა სახეებმა, დაძაბულობამ, სახლში ჯდომამ… გადამაწყვეტინა, დამეხატა დღევანდელობა. ყველაფერი ერთ ნახატში მომეთავსებინა.
– როგორ უთავსებთ ხატვას და პედაგოგობას?

– მიუხედავად 9-საათიანი სამუშაოს გრაფიკისა, მაინც ვახერხებ ხატვას, რადგან ხატვა ძალიან მამშვიდებს და დიდ ნეტარებას მაძლევს..
– 3 მარტს ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში პერსონალური გამოფენა უნდა გამართულიყო და კორონავირუსმა შეუშალა ხელი…

„ცალი თვალით დანახული რეალობა“ – ერთი ადამიანი უყურებს სხვების განწირულებას

– სამწუხაროდ, გადაიდო გამოფენა, მაგრამ ვიმედოვნებ, ახლი მომავალში ყველაფერი დალაგდება და ყველა ჩვენს საქმეს შევუდგებით. არის დღეები, როცა ვერაფერს ვხატავ, მაგრამ ამ ვირუსმა და შინ ჯდომამ უფრო დამაფიქრა და გააღრმავა ჩემი მუზები.
– ჰობი…
– ხატვა. ცურვა.
– ბათუმი… როგორ ხედავს მხატვარი ნათია გრიგოლია თავის მშობლიურ ქალაქს?
– ბათუმი ჩემთვის პატარა სიყვარულის ქალაქია. ვფიქრობ, ეს არის ის ქალაქი, სადაც ყოველთვის ბედნიერად ვიგრძნობ თავს.
– სამომავლოდ…
– სამომავლოდ ჯერ ვერაფერს ვიტყოდი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და ყველა ჩვენი გეგმა განხორციელდება.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 







კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები