“სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტებით განხორციელდება”

ვაწესებთ დამატებით შეზღუდვებსა და სპეციალურ რეჟიმს ეკონომიკურ საქმიანობაზე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოები, გარკვეული ეკონომიკური აქტივობა, რომელიც არის დასაშვები და შესაძლებელი, რომ წარიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, იქნება ნებადართული, იმ სპეციალური წესების, იმ სპეციალური შეთანხმების რეჟიმის ფარგლებში, რომელიც იქნება დადგენილი მთავრობის მიერ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობა უზრუნველყოფს კომუნალური და მუნიციპალური სერვისების მუდმივად შეუფერხებელ ფუნქციონირებას, როგორიც არის წყალმომარაგება, ბუნებრივი გაზით მომარაგება, საწვავით მომარაგება, ელექტროენერგია, საფოსტო მომსახურება და მსგავსი სერვისები.

„როგორც უკვე მოისმინეთ, ის საოპერაციო, ის საკოორდინაციო-საგანგებო შტაბი, რომელიც არის შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის სტრუქტურის ფარგლებში და ასევე მისი რეგიონული საკოორდინაციო შტაბები, უზრუნველყოფენ საკოორდინაციო საქმიანობას ყველა იმ უწყებას შორის, რომელიც სამთავრობო მხრიდან არის ჩართული აღნიშნული საგანგებო ვითარების მართვაში. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩვენ, სამთავრობო სტრუქტურები, ისევე როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ერთად ვიქნებით ჩართული იმ დარგების განსაზღვრაში და იმ კონკრეტული საწარმოების განსაზღვრაში, რომლის ფუნქციონირება იქნება შესაძლებელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ეხება სტრატეგიულ დარგებს, როგორიც არის ტელესაკომუნიკაციო სივრცე, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, საბანკო სფერო, ასევე ეს არის სასურსათო და სააფთიაქო ქსელი და მათი მოწოდების ჯაჭვი. ბუნებრივია, ჩვენ უზრუნველვყოფთ კომუნალური და მუნიციპალური სერვისების მუდმივად შეუფერხებელ ფუნქციონირებას, როგორიც არის წყალმომარაგება, ბუნებრივი გაზით მომარაგება, საწვავით მომარაგება, ელექტროენერგია, საფოსტო მომსახურება და მსგავსი სერვისები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, ასეთი ტიპის ოპერატორებისთვის იქნება დადგენილი სპეციალური რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ვალდებულება, დაამტკიცონ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა წესი არის დაცული.

„როგორც მოისმინეთ, სატრანსპორტო შეზღუდვების ფარგლებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იქნება გაჩერებული ხვალ, დილის 08:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივია იმ ადამიანების გადაყვანა, რომლებიც იქნებიან დასაქმებულები როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე იმ სტრატეგიულ დარგში და საწარმოებში, რომელიც ჩამოვთვალე და რომელიც იქნება ნებადართული, უნდა იყოს ორგანიზებული დამსაქმებლის მიერ, ან თანამშრომელი იმგზავრებს პირადი ავტომობილით, ან ტაქსებით, რომელიც ასევე არის დაშვებული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები