საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით მოთავსებული 2 პაციენტის პირველადი ანალიზის პასუხები უარყოფითია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორი პაციენტის პირველადი ანალიზის პასუხები უარყოფითია. ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, განმეორებითი ტესტები უკვე აღებულია, რომლის პასუხებიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტები კლინიკას დატოვებენ.

“ორ პაციენტს გავუკეთეთ პირველადი ტესტები და პასუხი უარყოფითია, გვაქვს განმეორებითი ტესტიც გაკეთებული და, პასუხი თუ ისევ უარყოფითი იქნება, პაციენტები კლინიკას დატოვებენ. რაც შეეხება კარანტინში მყოფებს – მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და, ჯერჯერობით, მათზე კვლევის ჩატარების საჭიროება არ არის”, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 18, კარანტინში იმყოფება 4978 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 266 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები