გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი: თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და პანიკის საფუძველი არაა

გორის სამხედრო ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებული 9 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 3 სამოქალაქო პირი, ხოლო 6 სამხედრო მოსამსახურეა, რომლებსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დავით ბარლიანის განცხადებით , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების 2 თანამშრომელს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, დანარჩენი 4-ის  მდგომარეობა კი სტაბილურია.

“ამ ეტაპზე ჩვენთან 9 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, 6 არის ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და პანიკის საფუძველი არაა. 2 მათგანს უფიქსირდება პნევმონია, დანარჩენებთან კი, შედარებით მსუბუქი კლინიკით მიმდინარეობს დაავადება. ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროების კოორდინაციით, ყველა კონტაქტი დადგენილია, გამოკვლეულია და დაკვირვება მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები და მოგვიანებით გვეცოდინება გასაგზავნი ნიმუშების რაოდენობა,” – განაცხადა დავით ბარლიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ 3 სამოქალაქო პირს , ბარლიანის განცხადებით, მათგან მხოლოდ ერთს, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნება .

ამ დროისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფექციურ განყოფილებაში 50 პირია მოთავსებული , აქედან 29 სამხედრო მოსამსახურე, 12 კი სამოქალაქო პირი.

შეგახსენებთ ,ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან გამოჯანმრთელებულია 18, კარანტინში 4717 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 268 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები