თეა წულუკიანი: განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალული რჩება პაემნები, თუმცა გვაქვს შეღავათი, რაც 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს გულისხმობს
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვერცერთი ახალდაკავებული ან ახალმისჯილი პატიმარი ვერ შედის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მანამ, სანამ 21-დღიან კარანტინს არ გაივლის.
თეა წულუკიანმა საგანგებო პირობებით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.
“განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალული რჩება პაემნები, რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებში. ჩვენ, შესაბამის კომპანიასთან მოლაპარაკების გზით, ნაწილობრივი კომპენსირება ამ დისკომფორტისა, მოვახერხეთ და 16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს ყოველი თვის განმავლობაში.
განსაკუთრებული პირობები ციხეებში, ასევე, გულისხმობს, რომ ვერცერთი ახალდაკავებული ან ახალმისჯილი პატიმარი ვერ შედის ძველ კონტიგენტთან მანამ, სანამ 21-დღიან საკარანტინე პერიოდს არ გაივლის. ეს არ არის ის სივრცე, რასაც ციხის ენაზე უწოდებენ კარანტინს, ესაა ჩვეულებრივი საცხოვრებელი სივრცე შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში და დაცულია როგორც კანონმდებლობის, ასევე, ევროპული კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული პირობები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.