თორნიკე რიჟვაძე: ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა
“საქართველო ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად არის დასახელებული პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ხელისუფლებამ ნაადრევად გაიაზრა საფრთხე და დროულად გაატარა პრევენციული ღონისძიებები. ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძემ იმ კონკრეტულ ღონისძიებებსა და ინტერვენციაზე ისაუბრა, რასაც, პანდემიის შეკავების კუთხით, ცენტრალური და რეგიონის ხელისუფლება ახორციელებს.
“ბათუმში შემოტანილი დაინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. არ გვაქვს ადგილზე გადაცემის შემთხვევები, რაც დამაიმედებელია. ეს ნიშნავს, რომ პროცესი სწორად იმართება და ამ მიმართულებით გვაქვს ეფექტური მენეჯმენტი. დავიწყეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პირველი ეტაპი. პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღწეულია. ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ადეკვატურად ასახავს გამოწვევებს კონკრეტულ რისკებთან დაკავშირებით. ხელისუფლებისთვის მთავარი ამოსავალი არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ნაადრევმა პრევენციამ მოგვცა საშუალება, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მხრივ არ გვქონოდა არსებითი რისკები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.