სოზარ სუბარი: მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოიწვია იმან, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა დაინფიცირების წყარო ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის

“მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული მკაცრი კარანტინი გამოიწვია იმან, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა წყარო ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის და არ ვიცოდით, გავრცელების არეალი რა შეიძლება ყოფილიყო”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, დაახლოებით ცნობილია ის არეალი, სადაც სავარაუდო დაინფიცირებულების ძებნა შესაძლებელია.

„მინდა, ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, სოციალურ ქსელებსა და ჟურნალისტებში ატეხილ აჟიოტაჟზე განმარტება გავაკეთო იმის თაობაზე, თითქოს, მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული მკაცრი კარანტინი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ეთნიკურ უმცირესობას არ აქვს ინფორმაცია, მათ ინფორმაცია არ მიეწოდებათ საკუთარ ენაზე და ა.შ. ეს ასე არ არის, ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო, უბრალოდ, გეტყვით იმას, კარანტინი რამ გამოიწვია. კარანტინი გამოიწვია იმან, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა წყარო ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის და არ ვიცოდით, გავრცელების არეალი რა შეიძლება ყოფილიყო. დღეს, დაახლოებით ცნობილია ის არეალი, სადაც სავარაუდო დაინფიცირებულები უნდა ვეძებოთ. როცა საბოლოო სურათი გვეცოდინება, მსჯელობა შეგვეძლება, რომ იქ საგანგაშო არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ასეთი სურათი იკვეთება. კორონავირუსი ოთხ ადამიანს აღმოაჩნდა, რომლებიც დაინფიცირებული ქალბატონის ოჯახის წევრები არიან. კვლევები აჩვენებს, რომ ეს არ არის შორს გასული”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები