„ესპანეთის ბიუჯეტი ვერ გაუმკლავდა კორონას, ევროპისკენ იშვერს ხელს მოწყალების სათხოვნელად და ჩვენსას რა მოუვა, ხომ წარმოგიდგენიათ?!“

“ვისაც მართლა შეგტკივათ ქვეყანაზე გული, გადარიცხეთ ფული კორონასთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში”, – წერს “ფეისბუქზე” ესპანური ენის სპეციალისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი – თეა გვასალია.
„ესპანეთში დაინფიცირებილთა რიცხვი 42 000-ს ასცდა  (გარდაცვლილებს არ დავწერ, რომ არ დაგზაფროთ), მათი 14% სამედიცინო პერსონალია. მიზეზი: არ ყოფნით შესაბამისი აღჭურვილობა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ავადმყოფები კლინიკების დერეფნებში წვანან, იატაკზე და მადრიდის „ყინულის სასახლე“ მორგად გადააკეთეს. ჩვენ სახელებითა და ოჯახის წევრებით რომ გავიცანით ქართველი ინფექციონისტები, ექთნები და სანიტრები და მათ მზეს ვფიცულობთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი უსაფრთხოების დასაცავად და დაინფიცირებულთა მკურნალობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად.
ყველამ საჭიროზე მეტი ცოდნა დავაგროვეთ ამ ვერაგ ვირუსზე და, ინფექციონისტებს თუ არ ჩავთვლით, სხვა არავისგან გვჭირდება ჭკვიანური გამომეტყველებით დამოძღვრა და პირდაპირ ეთერში შარდის ანალიზის ჩაბარება.
ვისაც მართლა შეგტკივათ ქვეყანაზე გული, მოქმედი პოლიტიკოსები ხართ თუ ოპოზიცია, პოლიტიკური გვამი თუ პოლიტიკური ზომბი (ანუ დიდი ხნის, უპერესპექტივო გვამი რომ ხართ, მაგრამ თავი ცოცხალი გგონიათ), გადარიცხეთ ფული კორონასთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში და, სანამ საეთერო დროს დაიკავებთ, ჩეკი დაგვანახეთ ახლო ხედით.
ფული რომ არცერთ მხარეს არ გაკლიათ, ყველამ გადასარევად ვიცით! ვინც უკვე გადარიცხა, დავუნახოთ სიკეთე და მადლობა ვუთხრათ. ესპანეთის ბიუჯეტი ვერ გაუმკლავდა კორონას, ევროპისკენ იშვერს ხელს მოწყალების სათხოვნელად და ჩვენსას რა მოუვა, ხომ წარმოგიდგენიათ?! ესპანეთის ორ ძირითად პარტიას, სოციალისტურსა და სახალხო პარტიას რომ სძულს ერთმანეთი, სიძულვილი ასეთი უნდა, მაგრამ ქვეყანას რომ გაუჭირდა, ყველა ერთ პოზიციაზე დადგა!“, – წერს თეა გვასალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები