ლაშა ლაბაძე: ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება არ უნდა შეფერხდეს

„აუცილებელი მოხმარების, სურსათისა და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების წარმოება არ უნდა შეფერხდეს“, – აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადგილობრივი წარმოება არ გაჩერდეს, განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები. ლაბაძის თქმით, თუ მსოფლიოში არსებულმა ეკონომკურმა სიტუაციამ არ გააჩერა, ადგილობრივი მძიმე მრეწველობა, კერძოდ წიაღის მოპოვება-გადამუშავებაზე ორიენტირებული კომპანიები არ უნდა გაჩერდნენ.
როგორც ლაბაძე განმარტავს, მათი გაჩერების შემთხვევაში გაიზრდება უმუშევრობა და ამასთან ერთად, შემცირდება უცხოური ვალუტის შემოდინებაც. ლაბაძის მოსაზრებით, კორონავირუსის გამო ბევრი კომპანია და დარგი, მაგალითად, ტურიზმი ისეც გაჩერდება და თუ ამას მძიმე მრეწველობაც დაემატება, ქვეყანა რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.

ლაბაძის ინფორმაციით, შექმნილ ვითარებაში ფაქტობრივად ყველა კომპანია უსაფრთხოების ნორმების დაცვით საქმიანობს და ამ მიზეზით სამუშაო პროცესის შეფერხება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, როგორც ლაბაძე აცხადებს, კარგი იქნება თუ საკუთარ თანამშრომებში უსაფრთხოების განცდის ამაღლებაში კომპანიები მეტ ძალისხმევას ჩადებენ.
როგორც ცნობილია, მთავრობა უკვე მუშაობს იმ კომპანიების სიაზე, რომლებმაც კორონავირუსის პირობებში შეუფერხებლად უნდა იმუშაონ.

„გარკვეული დადგენილი წესების დაცვით, შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტურქტურასთან – ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზით მომარაგება, გააგრძელებენ მუშაობას სამრეწველო საწარმოებიც, მათ შორის წიაღის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული კომპანიები, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები