გიგა ბოკერია: „ევროპული საქართველო“ გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით, ფულის კონკრეტული წყაროთი, საიდან უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა

„ევროპული საქართველო“ გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით, ფულის კონკრეტული წყაროთი, საიდან უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა თუნდაც მცირედით, მაგრამ სწრაფად. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ჩვენი ფული, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კერძოდ, პარტია მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული ფულის გადაცემის ინიციატივით გამოდის.

„მომდევნო თვეების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმებულების და დამსაქმებლების, საშუალო კლასის – ყველა ადამიანის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება და ამ დროს მხოლოდ ზოგადი მოწოდება, რომ ხალხს უნდა დავეხმაროთ, არ არის საკმარისი. კონკრეტული წინადადებებია საჭირო. ამიტომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით, ფულის კონკრეტული წყაროთი, საიდან უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა თუნდაც მცირედით, მაგრამ სწრაფად. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ჩვენი ფული. ის ფული, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში აკრეფილია ე.წ. საპენსიო გადასახადით. ეს ფული ახლა დევს და იდეაში, ის იყო სიბერისთვის, „შავი დღისთვის“ გადადებული ფული. ახლა არის ეს “შავი დღე“ და ახლა სჭირდება ამ ხალხს ეს ფული. ამ ყველაფრის შედეგად, მოქალაქეებს დაუბრუნდებათ 480 მილიონ ლარზე მეტი და მეწარმეებს – 170 მილიონ ლარამდე. ერთ მოქალაქეს საშუალოდ 600 ლარამდე დაუბრუნდება , ხოლო თითოეულ დამსაქმებელს ყოველ დასაქმებულზე – საშუალოდ 223 ლარი,“ – განაცხადა ბოკერიამ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მოსახლეობას თავისი საპენსიო დანაზოგები სწორედ ახლა სჭირდება. „ევროპული საქართველოს“ პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ საპენსიო ფონდში დარჩენის ან ფონდიდან გასვლის არჩევანი მოქალაქეებს ხელახლა უნდა მისცეს და ამისათვის ერთთვიანი ვადა – 1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე – უნდა განისაზღვროს.

„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ ფონდში დარჩენის მსურველებმა აღნიშნულ პერიოდში განცხადებით უნდა მიმართონ საპენსიო სააგენტოს, ხოლო მათ, ვინც არ მიმართავს, კუთვნილი ფული უკან უნდა დაუბრუნდეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები