ნათია თურნავა: მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც დახურულ სივრცეში მუშაობას არ საჭიროებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც დახურულ სივრცეში მუშაობას არ საჭიროებს. ამის შესახებ თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საკოორდინაციო საბჭოზე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იყოს ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომლებიც არ საჭიროებს დახურულ საწარმოში მუშაობას – ასეთია, მაგალითად, კარიერების წარმოება, ქვიშა-ხრეში მოპოვება, საშენი მასალების მოპოვება, რომელიც ღია სივრცეში ხორციელდება და სხვა მსგავსი სამუშაოები, რომლებიც ღია სივრცეში ხორციელდება. ამ სახის საქმიანობების გარკვეული კონკრეტული სია გამოქვეყნდება უახლოეს საათებში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც მინისტრმა განმარტა, უახლოეს დღეებში სხვადასხვა დარგის საწარმოსა და ბიზნესასოციაციას მთავრობა ასევე მიაწვდის დარგობრივ გეგმებს.
„ბევრი შეკითხვა შემოდის საწარმოებიდან და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წარმოებები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, უბრალოდ მოვითხოვთ მენეჯერებისგან, რომ ორგანიზება გაუწიონ თავისი პერსონალის დაცვას და შეასრულონ უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები”, – განაცხადა ნათია თურნავამ.