ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში მოქმედებს მხოლოდ ის ობიექტები, რომლებიც აუცილებელია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი
პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადების შემდეგ მხოლოდ აუცილებელი ობიექტები ფინქციონირებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში მოქმედი საწარმოების მუშაობა მკაცრი პროტოკოლის რეჟიმში გაგრძელდება.
“მარნეულსა და ბოლნისში მოქმედებს მხოლოდ ის ობიექტები, რომლებიც აუცილებელია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თანამოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა როგორც სურსათზე, ასევე, სამედიცინო, სააფთიაქო და საბანკო სერვისებზე. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დავალებული აქვთ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ორივე მუნიციპალიტეტის სრულ უზრუნველყოფაზე და ყველა საჭიროება იქნება დაკმაყოფილებული. ასევე, მათ დაევალათ იმ საწარმოთა ჩამონათვლის გაკეთება ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, თუმცა ეს მუშაობა გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.