აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა მოხალისეთა რეგისტრაცია და გადამზადება დაიწყო
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი აჭრის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რაც გულისხმობს სპეციალური საჭიროების მქონე პირების მედიკამენტებითა და საკვებით დახმარებას.
ახალგაზრდები წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, მოწყვლად ჯგუფებისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერაში მონაწილეობას მიიღებენ. მსურველები ,,აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.
მოხალისეები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან.
“მთავარი მოწოდება მოსახლეობისთვის არის ის, რომ დარჩნენ სახლში, ჩვენ კი საჭიროების შემთხვევაში მივაწვდით მათ საკვებსა და მედიკამენტებს. საზოგადოების დიდი ნაწილი გრძნობს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მონაწილეობის მისაღებად ბევრი მოხალისეა მსურველი, ნებისმიერ 18-დან 40 წლამდე პირს შეუძლია ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირდეს“,- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ.
,,აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ვებგვერდზე, დღეის მდგომარეობით, 300-მდე მოხალისეა დარეგისტრირებული.