დავით ჩიხელიძე: მთავრობის მეთაურობით, ერთმანეთის გვერდში დგომით, დღეს არსებულ მსოფლიო გამოწვევას უმოკლეს დროში დავამარცხებთ

“დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის განმარტებას აკეთებს.

“მესმის საგანგებო მდგომარეობა ცუდად ჟღერს, მაგრამ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ საგანგაშო არაფერია. არ უნდა ავყვეთ სპეკულაციებს და ათასგვარი ინტერპრეტაციის მსხვერპლი არ გავხდეთ.

საგანგებო მდგომარეობა, არის პრევენციის კუთხით გადადგმული აუცილებელი ქმედება, რომელიც ჩვენ ყველას დაგვიცავს. მადლობა სახელმწიფოს და ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, აკეთებენ და გააკეთებენ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იგრძნობა რომ ჩვენც, როგორც საზოგადოება გავიზარდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა სოციუმში გამოერევა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სრული სურათიდან ამოვარდნილია და რომელიც სიტუაციის ესკალაციას უწყობს ხელს.

სწორედ რამდენიმე უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედებამ მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე, მაგრამ ესეც უნდა გვენახა, ესეც უნდა გაგვევლო. ღრმად მწამს და მჯერა, რომ დღევანდელი გამოცდილება აუცილებელად გაგვაძლიერებს და როგორც ერი, ხვალ ბევრად უფრო ძლიერი ვიქნებით!

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ნიშანდობლივია, რომ პრემიერ–მინისტრის მიერ დასახელებული შეზღუდვების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე მოქმედებდა, მაგრამ ის, რასაც რეკომენდაციის სახე ჰქონდა, ახლა უკვე სავალდებულო გახდა.

ასე რომ ფაქტობრივად, არაფერი იცვლება და არ შემოდის ახალი რეგულაციები, არ ხდება გადაადგილების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და აშ. პრემიერის განცხადებაში საგულისხმო იყო, რომ სახელმწიფო გვერდით დაუდგება იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. აღნიშნულ ინიციატივაში კარგად ჩანს სახელმწიფოს პოზიცია, რომ მისთვის უმაღლეს ღირებულებას ადამიანი წარმოადგენს! მთავრობის მეთაურობით, ყველანი ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, დღეს არსებულ მსოფლიო გამოწვევას უმოკლეს დროში დავამარცხებთ!” – განმარტავს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები