კახეთში თვითიზოლაციაში 339 ადამიანი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი 155 მოქალაქე რჩება
“დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 339-მდე გაიზარდა, ხოლო სამ საკარანტინო ზონაში 155 მოქალაქე რჩება”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამივე საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ამ დროისთვის, მეთვალყურეობა 22 ადამიანს მოეხსნა. 3 ადამიანი გაემგზავრა საზღვარგარეთ, ერთი კანადაში, 2 აზერბაიჯანში, საკარანტინო რეჟიმის დარღვევის მიზეზით კი, ორი მოქალაქე თბილისში გადაიყვანეს. რაც შეეხება ქალს, რომელიც მაღალი ტემპერატურით და ხველით ორი დღის წინ თელავის რეფერალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, მას კორონავირუსი არ დაუფიქსირდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში,ბოლო მონაცემებით,კორონავირუსის 48 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია,კარანტინის რეჟიმში რჩება 1966 ადამიანი,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.