ცაგერსა და ლენტეხში თვითიზოლაციაში 21 ადამიანი იმყოფება
ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 21 ადამიანი იმყოფება.
როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი აცხადებს, ამ ეტაპისთვის ცაგერში თვითიზოლაციაში და მეთვალყურეობის ქვეშ უკვე 19 ადამიანია.
“სამწუხაროდ, ჩვენ ზოგ თანამემამულეს კვლავ არ ესმის მოქალაქეობრივი თვითშეგნების არსი, ასეთი შემთხვევა გვქონდა სოფელ ჭალისთავში, პიროვნებაზე, რომელიც თურქეთიდან 17 მარტს დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის არაერთხელ გაფრთხილებული იქნა თვითიზოლაციის წესების დაცვის თაობაზე, მაინც არ დაემორჩილა მითითებებს, ამიტომ, ჩვენ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს და აღნიშნული პიროვნება დღეს იძულების ძალით გადაყვანილი იქნა წყალტუბოს კარანტინში, თუმცა, მას ამ ეტაპისთვის სიმპტომები არ აღენიშნებოდა. სიმპტომები არ აღენიშნებათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ დრომდე თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან”,-განაცხადა ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
თვითიზოლაციის პირობებში მყოფი ადამიანების რაოდენობა შეიცვალა ლენტეხშიც. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ეპიდემიოლოგი ლამზირა ბენდელიანი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში არავინ დამატებიათ.
”პირიქით, იმედისკენ წავედით, ერთი უკვე გავიდა თვითიზოლაციის ვადებიდან ჯანმრთელად და კარგად, გვრჩება 2 ადამიანი, რომლებსაც არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ”, -განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში,ბოლო მონაცემებით,კორონავირუსის 48 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია,კარანტინის რეჟიმში რჩება 1966 ადამიანი,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.